ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმეზე ბრალდებული პირები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმეზე ბრალდებული პირები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების თაობაზე, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულები სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის, ბესიკ თამლიანის ადვოკატმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მოსამართლემ დღეს არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან პროკურატურას არ გააჩნია მტკიცებულებები, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობის აუცილებლობას საჭიროებდა. ამასთან, ადვოკატის თქმით, საქმეში პროკურატურას ჰყავს პოლიციის თანამშრომელი მოწმეები, რომლებიც ამ საქმეზე, როგორც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები არიან.

პატიმრობის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სასამართლოში ხმაური იყო. ბრალდებულების ახლობლებმა დარბაზი უკმაყოფილო შეძახილებით დატოვეს. პირველ არხთან კომენტარი ბრალდებულ ბესიკ თამლიანის დედამ, რუსუდან თამლიანმაც გააკეთა. მისი თქმით, მისი შვილი ქვეყნის სიყვარულის გამო დააპატიმრეს.

თავის მხრივ, პროკურატურა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის დღევანდელ გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს, რადგან პროკურორ გიორგი მუკბანიანის თქმით, ბრალდებას აქვს მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალის ადასტურებს.

პროკურორმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რამდენად სწორია მოსამართლის გადაწყვეტილება პატიმრობის შეფარდების თაობაზე მაშინ, როდესაც იგივე მუხლით ბრალდებულ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს, დამატებით გარანტიად კი ელექტრონული სამაჯურის ტარება დაეკისრა.

„ორივე შემთხვევაში, სახელმწიფო ბრალდებას ერთი და იგივე პოზიცია ჰქონდა, მიგვაჩნდა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით უნდა გამოყენებულიყო პატიმრობა. ამ შემთხვევაში, სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა. ჩვენს შუამდგომლობაში დასაბუთებული იყო ის საფუძვლები, თუ რატომ იყო პატიმრობა ერთადერთი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც გამოძიების ამ ეტაპზე შეასრულებდა აღკვეთის ღონისძიების მიზნებს. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა მუკბანიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციის მონაწილე ოთხ პირს, რომლებსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.