ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმეზე ბრალდებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმეზე ბრალდებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

20-21 ივნისს, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმეზე ბრალდებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ოთხივე ბრალდებულის ადვოკატი არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ითხოვდა. მათ შორის, ზურაბ ბუდაღალაშვილისა და ბესიკ თამლიანის ადვოკატები გირაოსთან ერთად, ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით, ბრალდებულების კონტროლის შუამდგომლობა დააყანეს.

რაც შეეხება გირაოს თანხებს, ადვოკატებმა 3000-დან 5000-მდე ლარის გირაოს შეფარდების შუამდგომლობები დააყენეს.

ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხივეს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.