ჯერ არ ვიცით, დარჩება თუ არა ბათუმში - ბერიძემ დავითაშვილის შესახებ ისაუბრა #1TVSPORT
ჯერ არ ვიცით, დარჩება თუ არა ბათუმში - ბერიძემ დავითაშვილის შესახებ ისაუბრა #1TVSPORT

საფრანგეთში ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი ჩაიშალა და 21 წლის შემტევი ნახევარმცველი კვლავ ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ვარჯიშობს – ფოტომასალას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

დარჩება თუ არა ზურიკო დავითაშვილი ბათუმის „დინამოში“, ჯერ ზუსტი პასუხი არჩილ ბერიძესაც არ გააჩნია. ამის შესახებ ბათუმის გუნდის პრეზიდენტმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

დავითაშვილს ბათუმელებთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მაგრამ დავითაშვილი ბათუმის „დინამოს“ სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე (31 აგვისტომდე) დაეხმარება თუ შემდეგ, გუნდის პრეზიდენტს კომენტარი ამის შესახებ ჩამოვართვით.

„ზურიკო დავითაშვილთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და ვნახოთ, აქედან რა გამოვა. ერთია, რომ ზურიკოს კარიერულ წინსვლაში ხელს არ შევუშლით. მაგრამ ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, დარჩება თუ არა ჩვენთან“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძემ.

საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი გუნდიდან წასული რომ იყო, ამის შესახებ კლუბმა ევროტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ განაცხადა. დავითაშვილი ტოპ-5 ლიგიდან ერთ-ერთში, საფრანგეთის ლიგა1-ის „ლორიანში“ გადასვლას ელოდა. მას ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ საბოლოოდ, ეს ტრანსფერი ჩაიშალა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, დავითაშვილი ევროპაში წასვლას რომ ელოდა, მაგრამ მაშინ რუსეთში მოხვდა. ყაზანის „რუბინამდე“ ბელგიურ „გენტში“ გადადიოდა, მაგრამ ბელგიელები სატრანსფერო თანხის გადახდაზე სანამ ფიქრობდნენ, „რუბინმა“ კონკრეტული წინადადებით მიმართა.

საქართველოს ჩემპიონი კი ანგისას ბაზაზე „საბურთალოსთან“ ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელიც 21 აგვისტოს „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება.