ჯემალ ლეონიძე - საქართველოს მოსახლეობას ყველა რესურსი აქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებასთან ახლოსაც ვერ მივიდეს
ჯემალ ლეონიძე - საქართველოს მოსახლეობას ყველა რესურსი აქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებასთან ახლოსაც ვერ მივიდეს

საქართველოს მოსახლეობას ყველა რესურსი აქვს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არათუ გაიმარჯვოს, გამარჯვებასთან ახლოსაც ვერ მივიდეს, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ჯემალ ლეონიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სურათი არც ისე მძიმე და ტრაგიკულია, როგორც გახმაურდა, რადგან არითმეტიკული ციფრებია. სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები მოიგო, 1%-მდე განსხვავებით, მაგრამ მაინც. არჩევნებში განაწყენებული ხალხი მოვიდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ამომრჩეველი მუდმივად ჰყავს და არავინ მომატებია“, – განაცხადა ლეონიძემ.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა და რეიტინგი არ ეყო, რადგან ქართულმა მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ ყვითელი ბარათი აჩვენა. 

„ეს „ქართული ოცნებისთვის“ პირველი ყვითელი ბარათი იყო და მათ ალბათ, გააცნობირეს, რომ თუ ასე გაგრძელდება, წითელ ბარათსაც მიიღებენ. მე პარტიის წევრი არ ვარ. არ ვყოფილვარ და არც ვაპირებ, ვიყო. ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა ჯგუფის წევრი. ვერ ვიტყვი, რომ – აქტიური”, – განაცხადა ლეონიძემ.

როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც იციან.

„ნაცბანდის წევრებმა იციან, ამ არჩევნებში რა შრომა ჩადეს, რა თანხები დაარიგეს და ხალხში რა აგიტაცია გასწიეს. გასცეს დაპირებები, ვის ადგილზე ვინ უნდა დანიშნონ, როცა პრეზიდენტად ვაშაძე მოვა და გადატრიალების სახით ვადამდელ არჩევნებს მოახდენენ. ამით ბევრი წამოეგო ჩანგალზე, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი ვინ იქნება, ეს საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია. ამას ვერც „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.