ჯემალ ლეონიძე - კომპანიის აქციების გაფორმება მემორანდუმში ჩაწერილია „თიბისი“ ბანკის სახელზე, მაგრამ ასრულებდნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე
ჯემალ ლეონიძე - კომპანიის აქციების გაფორმება მემორანდუმში ჩაწერილია „თიბისი“ ბანკის სახელზე, მაგრამ ასრულებდნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე

მემორანდუმში აქციების გაფორმება ჩაწერილია „თიბისი“ ბანკის სახელზე, მაგრამ ხაზარაძე და ჯაფარიძე ასრულებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომპანია „მაგნატის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ განაცხადა.

ჯემალ ლეონიძემ კომისიის სხდომაზე ისაუბრა თავისი ქონების ჩამორთმევის შესახებ.

„ყველაფერი, რასაც ვამბობ, არის მემორანდუმის ტექსტში და სხვა დოკუმენტებში, რაც მე გამოძიებისთვის მაქვს მიწოდებული პატიმრობაში ყოფნის დროს თუ შემდეგ. მანამდე რომ დავთვალეთ ქონებები, 30 მილიონ დოლარამდე ადიოდა ჩემი კომპანიის, „მაგნატის“ პროფილური ქონებები. ანუ, რაც კონკრეტულად ბენზინსაქმიანობას უკავშირდებოდა, დანარჩენი სხვა ქონებებიც მქონდა: რესტორნები, ფაბრიკა, ქარხანა, მიწები, მაგრამ პირობა იყო, რომ მხოლოდ პროფილურ ქონებებში დაკავშირებულ ბიზნესში უნდა შემოსულიყვნენ წილში. 30 მილიონ დოლარამდე გამოვიდა შეფასება, რომელსაც აფასებდნენ „თიბისი“ ბანკის პროფესიონალური ჯგუფი, რომლის საფუძველზე გასცემენ სესხებს მანამდეც და ახლაც. ჩემი მხრიდან ვიყავით მე და ნოდარ ხადური. 30 მილიონიდან 7,5 მილიონი დოლარი უწევდა 25 პროცენტს. აქციონერებად შემოვდივართ, მეგობრები უნდა ვიყოთო, მოკლედ სამ მილიონს გადავიხდითო, ესეც ხუთი წლის შემდეგ. ფაქტობრივად, გამოდის, ოფციას ყიდულობდნენ, ხუთი წლის შემდეგ იხდიდნენ სამ მილიონ დოლარს. მე გაჩერებული ვარ, საბრუნავი სახსრები არ მაქვს, სხვა გამოსავალი არ მაქვს. არადა, ცუდ პირობას არ მეუბნებოდა. ფული სახლში დასადებად რად მინდოდა? შვიდის მაგივრად, სამი მომცეს, მაგრამ კომპანია იმუშავებს, ხალხი დასაქმდება, მეც სიკეთე მექნება და სხვასაც-მეთქი. დავთანხმდი სამ მილიონს. ეს იყო პირველი პირის შეცვლა, რაც გააკეთეს ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. გავაფორმეთ მემორანდუმი, თუ არ ვცდები, 2009 წლის 27 მარტს. ჩემი მხრიდან ხელს აწერს ნოდარ ხადური, მე და მეორე მხრიდან – ვახტანგ ბუცხრიკიძე, გენერალური დირექტორი მაშინაც და დღესაც. ეს დოკუმენტი გამოძიებაში დღესაც დოკუმენტად დევს. იქ ასახულია, რომ სამი მილიონი უნდა მიიღოს კომპანიის დამფუძნებელმა და პირობად იყო ჩადებული, რომ ხუთი წლის შემდეგ, როცა კომპანია განვითარდებოდა, ან მე უნდა მეყიდა ის 25 პროცენტი, რისი ყიდვის სურვილიც მათ ჰქონდათ, ან მთლიანად გაგვეყიდა უცხოელზე. ეს თავიდანვე ჰქონდათ ჩადებული, იქნებ უცხოელზე გავყიდოთ, მეტ თანხას გადაიხდისო. ვთქვი, გაყიდვის სურვილი არ მაქვს, ჩემი შექმნილია, სისხლი მაქვს ჩაქცეული და თუ ვიყიდი, მე ვიყიდი-მეთქი. კარგიო, ყველაფერზე თანხმდებოდნენ. პირობაა კიდევ ჩადებული, რომ კომპანიის რებრენდინგისთვის – განვითარება, საბრუნავი თანხა, ახალი ავტოგასამართი სადგურების ყიდვა, პირველ ეტაპზე, 20 მილიონი დოლარი უნდა ჩადონ. ეს ყველაფერი „თიბისი“ ბანკის სახელით ხდება. აქციების გაფორმება მემორანდუმში ჩაწერილია „თიბისი“ ბანკის სახელზე, მაგრამ ასრულებენ ხაზარაძე და ჯაფარიძე“, – განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.