ჯემალ გამახარია - აფხაზეთში ორი ქართველი პოლიტიკოსის ჩასვლამ უკიდურესად დაძაბა სიტუაცია, ვფიქრობ, ეს რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციაა
ჯემალ გამახარია - აფხაზეთში ორი ქართველი პოლიტიკოსის ჩასვლამ უკიდურესად დაძაბა სიტუაცია, ვფიქრობ, ეს რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციაა

აფხაზეთში ორი ქართველი პოლიტიკოსის ჩასვლამ უკიდურესად დაძაბა სიტუაცია, ვფიქრობ, ეს რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციაა, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, ოკუპირებულ აფხაზეთში „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, პოლიტიკოსების ჩასვლამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღის წესრიგი სრულად შეცვალა და ახლა, იქ ანტიქართული ისტერია ჭარბობს.

„სამწუხაროდ, აფხაზეთში ორი პოლიტიკოსის ჩასვლამ უკიდურესად დაძაბა სიტუაცია. ფაქტობრივად, იქ პოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვალა. აფხაზეთში მთავარი განსახილველი თემა იყო ბჟანიას განცხადება, შამბას განცხადება საქართველოსთან მოლაპარაკებების შესახებ, დიალოგის დაწყების შესახებ, ეს თემა იხილებოდა და თან საკმაოდ პოზიტიურ კონტექსტში, წარმოუდგენელმა ანტიქართულმა ისტერიამ ეს დღის წესრიგი შეცვალა. ახლა ეს ვითარება იცვლება, იქ უკვე ჭარბობს ანტიქართული ისტერია. ოპოზიცია უკვე გადავიდა შეტევაზე და პირველ წარმატებას მიაღწია იმით, რომ იმ ადამიანის გათავისუფლება მოითხოვეს, ვინც ახლდა ჩვენს ქართველ პოლიტიკოსებს, ეს არის სექანია. ის გაათავისუფლეს და დგას ბჟანიას იმპიჩმენტის საკითხი. ამას მოჰყვა ძალიან დიდი ანტიქართული მოძრაობა აფხაზეთში და გადაფარა ის შედარებით პოზიტიური ფონი, რომელიც შექმნა იმ განცხადებებმა, რომლის შესახებაც მოგახსენეთ. ჩასვლაში ცუდი არაფერია, მით უმეტეს ხატი რომ შესწირო ილორის ეკლესიას, რა არის აქ ცუდი, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. ფაქტობრივად, პოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვალა ჩვენს საზიანოდ. ეს არის ჩემი ღრმა რწმენით, რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ რუსეთის იმედზე არასოდეს უნდა იყო, როდესც საკითხი ეხება ოკუპირებულ ტერიტორიას ან ძალიან ფრთხილად უნდა იყო. იქ იმიტომ კი არ ჩაგიყვანს, რომ ქართული საქმე გააკეთო, არამედ იმისთვის რომ თავისი საქმე გააკეთოს. რუსეთმა სწორედ თავისი საქმე გააკეთა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ამას დადებითად ვერ შევაფასებთ, მაგრამ ვიმეორებ, განზრახვა, ალბათ, იყო ძალიან კეთილშობილური“, – განაცხადა გამახარიამ.