ჯეკო საქართველოსთან წაგების შემდეგ - ვიცოდით, რომ სახიფათო გუნდი იყო #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო – წლის პირველ შეხვედრაში გუნდი ჟენიცას „ბილინო პოლეზე“ ბოსნია – ჰერცეგოვინას ნაკრებს შეხვედა და ბუდუ ზივზივაძის გოლით 1:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრების კაპიტანმა, მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ მატჩი შეაფასა და იმედგაცრუება ვერ დამალა:
„არც ვიცი, რა ვთქვა. (ქართველებმა) გოლი ერთადერთი რეალური შესაძლებლობიდან გაგვიტანეს. დღეს ყველა თამაშობს ფეხბურთს, ვიცოდით, რომ სახიფათო გუნდი იყო და ეს გამოჩნდა კიდეც. ჩვენ ძალიან სტატიკურები ვიყავით, ძალიან ბევრი პასს ვაკეთებდით უკან, ყოველგვარი რისკის გარეშე. გაურისკავად კი თამაშის მოგება შეუძლებელია.
ვფიქრობ, პირველ ტაიმი ბევრად უკეთესად ჩავატარეთ, ორი კარგი მომენტი და რამდენიმე ნახევარმომენტი შევქმენით, მაგრამ მეორე ტაიმში გოლი გავუშვით და მერე თამაში ვერ დავალაგეთ. გაშვებული გოლის შემდეგ კი არაფერს კარგავ, უნდა გარისკო, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, ვისაც კარიერის აწყობა სჭირდება. არ არის საჭირო ამ ახალგაზრდების გაკრიტიკება. გზა ყველამ გავუკვლიოთ, ახალგაზრდები ჩვენც ვიყავით. მათ უნდა მიეცეთ შანსი. ვიცოდი, რომ დამარცხება უარყოფით ატმოსფეროს შექმნიდა, მაგრამ ამ წაგებიდანაც ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ.
ლუქსემბურგთან კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გველის. ორივე თამაშის მოგება გვინდოდა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს წაგების შემდეგ ხასიათი გამოგვეკეთებინა, მაგრამ დღეს ეს არ გამოგვივიდა. არც ლუქსემბურგია ისეთი სუსტი ნაკრები, როგორიც იყო და ადვილად ვერავინ მოუგებს“.