ჯეიმსის მორიგი სამმაგი დუბლი და „ლეიკერსის“ რიგით 26-ე გამარჯვება რეგულარულში [ვიდეო] #1TVSPORT
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. რიგით 26-ე გამარჯვება იზეიმა მოქმედმა ჩემპიონმა. „ლეიკერსი“ სტუმრად „გოლდენ სტეიტს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 97:128 დაამარცხა.
ლოს ანჯელესელებმა „ვორიორზს“ ოთხივე პერიოდი მოუგო. შეგახსენებთ, რომ „ლეიკერსი“ კვლავ ენტონი დევისის გარეშე ასპარეზობს, რომელიც ტრავმას მკურნალობს.
სამმაგი დუბლი გაიფორმა ლებრონ ჯეიმსმა, მის ანგარიშზე 22 ქულა, 10 მოხსნა და 11 პასია. 27 ქულით დაასრულა შეხვედრა მონტრეზლ ჰარელმა. 18 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა ტალენ ჰორტონ-ტაკერმა. 17 ქულა მიითვალა კაელ კუზმამ.
„ვორიორზის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 27 ქულით სტეფ კარი იყო. 15 ქულა ჰქონდა ენდრიუ ვიგინსს. 14 ქულა დააგროვა ჯორდან პულმა.
„ლეიკერსი“ 26 მოგებითა და 13 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება. „გოლდენ სტეიტი“ 20 მოგებითა და 20 მარცხით ჯერჯერობით მეცხრე პოზიციაზეა.
შარლოტი – საკრამენტო 122:116
ვაშინგტონი – მილუოკი 122:133
დეტროიტი – სან ანტონიო 99:109
ბრუკლინი – ნიუ იორკი 117:112
დალასი – კლიპერსი 99:109
დენვერი – ინდიანა 121:106
ფინიქსი – მემფისი 122:99