ჯეიმს ვებმა ურმის თვლის გალაქტიკა უპრეცედენტო დეტალებში გადაიღო — #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვებმა ურმის თვლის გალაქტიკა უპრეცედენტო დეტალებში გადაიღო — #1tvმეცნიერება

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა კიდევ ერთხელ გაიხედა წარსულში, უზარმაზარი ოდენობის მტვრის მიღმა და ურმის თვლის გალაქტიკის ახალი ფოტო გადაიღო. სურათზე უპრეცედენტოდ მკაფიოდ ჩანს ფერადი, მბრუნავი სარტყელი.

ურმის თვლის გალაქტიკა ჩვენგან დაახლოებით 500 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, მოქანდაკის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს და ასეთი ფორმა ორ სხვა გალაქტიკასთან შეჯახების შედეგად მიიღო.

შეჯახების შედეგად, გალაქტიკის ცენტრიდან ორი გაფართოებადი რგოლი გაიფანტა, ზუსტად ისე, როგორც წყლის ჭავლები გუბეში ქვის ჩაგდების შემდეგ.

პატარა, თეთრი რგოლი გალაქტიკის ცენტრთან ახლოს დარჩა, გარე, კაშკაშა ფერადმა რგოლმა კი დაახლოებით 440 მილიონი წლის განმავლობაში განაგრძო გაფართოება.

გაფართოებისას, გარე რგოლი გაზში იჭრება, რაც ახალ ვარსკვლავთა დაბადებას იწვევს.

ამ იშვიათი გალაქტიკის ფოტო წარსულში ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპსაც აქვს გადაღებული. მეცნიერთა აზრით, თავდაპირველად ის ირმის ნახტომის მსგავსი, სპირალური გალაქტიკა იყო, ვიდრე ერთი პატარა, „დაუპატიჟებელი“ გალაქტიკა შეეჯახებოდა.

ინფრაწითელ შესაძლებლობათა წყალობით, ჯეიმს ვებმა შეძლო გაეხედა იმ დიდი ოდენობით მტვრის მიღმა, რომელიც ურმის თვლის გალაქტიკას ბინდავს.

ვების შუა-ინფრაწითელი კამერის მიერ გადაღებული ფოტო

შედეგად, დავინახეთ ამ ვარსკვლავთწარმომქმნელი გალაქტიკის ახალი დეტალები, ასევე მის შუაგულში მოქცეული სუპერმასიური შავი ხვრელის ქცევა.

ვებმა გალაქტიკაში ასევე დააფიქსირა ნახშირწყალბადებით და სხვა ქიმიური ნივთიერებებით, მათ შორის დედამიწაზე არსებულის მსგავსი მტვრით მდიდარი რეგიონები.

ურმის თვლის გარდა, ფოტოზე ჩანს ორი კაშკაშა, შედარებით პატარა გალაქტიკა, უკანა ფონზე კი სხვა მრავალი გალაქტიკა.

NASA-ს ცნობით, ეს დაკვირვებები ცხადყოფს, რომ ურმის თვლის გალაქტიკა ჯერ კიდევ ძლიერ გარდამავალ ეტაპზე იმყოფება.

„გარდა იმისა, რომ ურმის თვლის ამჟამინდელი მდგომარეობის ხედი მოგვცა, ვებმა ასევე მოგვაწოდა ცნობები მის თავს წარსულში დატრიალებული ამბებისა და მისი სამომავლო განვითარების შესახებ“, — წერს NASA.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი