ჯეიმს მეტისი - აშშ-ი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული კუნძულების მილიტარიზაციის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას მომავალშიც განაგრძობს
ჯეიმს მეტისი - აშშ-ი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული კუნძულების მილიტარიზაციის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას მომავალშიც განაგრძობს

ამერიკის შეერთებული შტატები ოფიციალური პეკინის მიერ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული კუნძულების მილიტარიზაციის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას მომავალშიც განაგრძობს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ჯეიმს მეტისმა განაცხადა.

„2015 წელს სი ძინპინისგან ძალიან ბევრმა სახელმწიფომ მიიღო პირობა, რომ ჩინეთი სპარტლის კუნძულების მილიტარიზაციას არ განახორციელებდა. გასულ თვეში მათ საწინააღმდეგო გააკეთეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ აუცილებლად შევეწინააღმდეგებით მოვლენებს, რომლებიც საერთაშორისო სამართალს არღვევენ“ – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

რამდენიმე დღის წინ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში შეჭრაში დაადანაშაულა. აზიური სახელმწიფოს დიპლომატიური უწყების განმარტებით, შტატების სამხედრო საზღვაო ძალების გემები სადავო პარასელის კუნძულების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩინეთის გაფრთხილების გარეშე გამოჩნდნენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების ქმედება ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის მცდელობად შეაფასა. დიპლომატიურ უწყებაში განმარტეს, რომ პროვოკაციული ქმედებები ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს, ჩინეთი კი ამის აღსაკვეთად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.