ჯეიმს დევიდ ვენსი - 7 ოქტომბერი არა მხოლოდ ისრაელის, არამედ აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმა იყო
ჯეიმს დევიდ ვენსი - 7 ოქტომბერი არა მხოლოდ ისრაელის, არამედ აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმა იყო

7 ოქტომბერი არა მხოლოდ ისრაელის, არამედ აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმა იყო, – ამის შესახებ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა განაცხადა.

ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ვენსმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბრის მოვლენები არა მხოლოდ ისრაელისა და ებრაელების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმა იყო, არამედ თავდასხმა ამერიკელებზე და ყველა საღად მოაზროვნე ამერიკელს ამ ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდა.

ამასთან, ვენსმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, მათ ქმედებებს სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ მათ არაფერი გაუკეთებიათ ომის დასასრულებლად ან მძევლების გასათავისუფლებლად. ვენსმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მოუწოდა, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება მძევლების სამშობლოში დასაბრუნებლად.

„აქ ზოგიერთი ჩვენგანი ქრისტიანია, ზოგი – ებრაელი, ზოგიც – სულაც არ არის რელიგიური, მაგრამ ყველას გვსურს, კარგმა ადამიანებმა გაიმარჯვონ და ცუდებმა წააგონ. ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, სამარცხვინო იყო. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს. ჰოლოკოსტის შემდეგ, რაც თითქმის 70-80 წლის წინ მოხდა, ჩვენ არ გვინახავს ასეთი საშინელი თავდასხმა უდანაშაულო ებრაელთა სიცოცხლეზე. სამწუხაროდ, ბევრმა ამერიკელმა არ იცის ჰოლოკოსტის შესახებ სრული სიმართლე და ბევრმა არ იცის სრული სიმართლე იმის შესახებ, რაც რეალურად მოხდა 7 ოქტომბერს“, – განაცხადა ვენსმა.

ვენსის თქმით, კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზაა „ჰამასის“ მიერ იარაღის ჩაბარება, ბრძოლის შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლებაა.