ჯეიმს აპატურაი - წლიური ეროვნული პროგრამით საქართველო ნატო-სთან ურთიერთობებში გაცილებით წინ არის, ვიდრე ბოსნია-ჰერცოგოვინა
ჯეიმს აპატურაი - წლიური ეროვნული პროგრამით საქართველო ნატო-სთან ურთიერთობებში გაცილებით წინ არის, ვიდრე ბოსნია-ჰერცოგოვინა

საქართველოზე ნატო-ში აქტიურად მსჯელობენ. ვმსჯელობთ, როგორ გავაძლიეროთ პრაქტიკული დახმარება, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, წლიური პროგრამით საქართველო ნატო-სთან ურთიერთობებში გაცილებით წინ არის და უფრო დაწინაურებულია, ვიდრე ბოსნია-ჰერცოგოვინა. ჯეიმს აპატურაი ასევე აღნიშნავს, რომ ​ნატო-ს ასპირანტი ქვეყნების შედარება საჭირო არ არის და მონდომების შემთხვევაშიც კი რთული იქნება.

„მოგიყვანთ ერთ კარგ მაგალითს. თუ ნატო- ს წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, რომ ყველა პირობაა შექმნილი ბოსნია-ჰერცოგოვინასთვის წევრობის სამოქმედო გეგმის ამოქმედება მოხდეს, მაშინ ვთქვათ, რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა დაიწყონ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება. წლიური ეროვნული პროგრამა საქართველოს უკვე აქვს, მუშაობს და მხარს ვუჭერთ, ვეხმარებით.

ასპირანტებს ერთმანეთს ვერ შევადარებთ. წლიური ეროვნული პროგრამით საქართველო ნატოსთან ურთიერთობებში გაცილებით წინ არის და უფრო დაწინაურებულია, ვიდრე ბოსნია- ჰერცოგოვინა. საქართველოზე ნატო-ში აქტიურად მსჯელობენ. ვმსჯელობთ იმის შესახებ, როგორ გავაძლიეროთ პრაქტიკული დახმარება, უფრო კონკრეტულად მაგალითად, შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში. ეს ნიშნავს უფრო მეტ პოლიტიკურ კონსულტაციებს, პრაქტიკულ თანამშრომლობასა და დახმარებას.

საქართველოს მომავალი წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა მექანიზმი აქვს. ახლა ისინი უნდა გამოვიყენოთ. წევრი ქვეყნები თანხმდებიან, რომ საქართველოს ხელისუფლება მექანიზმებს მაქსიმალურად იყენებს. წევრ ქვეყნებს სურთ ღია კარის პოლიტიკის განხილვა. მათ სურთ, რომ ასპირანტები წავიდნენ წინ. რას ნიშნავს ეს და რა კონკრეტულ გადაწყვეტილებებში აისახება, ან როდის იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, ამის წინასწარ განსაზღვრა არ შემიძლია. ფაქტია, რომ ღია კარის პოლიტიკაზე უფრო აქტიურად არის მსჯელობა, ვიდრე წინა წლებში“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

27 აპრილს ნატო-ს მინისტერიალზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ასპირანტი ქვეყნების პროგრესს განიხილავენ. მინისტერიალის მთავარი თემა ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკაა.