ჯეიმს აპატურაი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში სტუდენტებს შეხვდა
ჯეიმს აპატურაი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში სტუდენტებს შეხვდა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სტუდენტებს შეხვდა.

ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში შეხვედრას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები დაესწრნენ.

შეხვედრის თემა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია და ნატო-საქართველოს ურთიერთობები იყო.

„ყველა შეკითხვა იყო კარგად ინფორმირებული და პოლიტიკურად ზუსტი. ამ შეკითხვებს საკუთარ თავს ვუსვამთ ხოლმე, მაგრამ ხშირად პასუხები არ გვაქვს. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც მეორდებოდა, იყო ის, როგორ ვაფასებთ რუსეთის სვლებს და რას ვაკეთებთ ჩვენ. მეკავშირეებს შორის არის აზრი, რომ რუსეთი არ ცვლის თავის აგრესიულ ქცევას. ამის დამადასტურებელია შემთხვევები რუსეთსა და უკრაინას შორის, ასევე სკრიპალის მოწამვლა და კიბერთავდასხმა ჰოლანდიაზე. ჩვენ რეალური გამოწვევის წინაშე ვდგავართ რუსეთთან და ბევრი მიმართულებით ეს უკეთესობისკენ კი არა, უარესობისკენ მიდის. ჩვენ ვაძლიერებთ ნატო-ს თავდაცვის სისტემებს და ასევე ვეხმარებით ჩვენს პარტნიორებს ამ რეგიონში: საქართველოსა და უკრაინას. ჩვენ გვჭირდება მაღალი დონის შესაძლებლობები, მაგრამ ასევე გვჭირდება დიალოგი. გვინდა, რუსეთს მივცეთ სიტუაციიდან გამოსვლის გზა, რომელიც თვითონვე შექმნა“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაი საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ჯეიმს აპატურაი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.