ჯეიმს აპატურაი - შეგვიძლია, დავეხმაროთ საქართველოს, რათა უფრო მეტად იყოს მზად ნატო-ს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად
ჯეიმს აპატურაი - შეგვიძლია, დავეხმაროთ საქართველოს, რათა უფრო მეტად იყოს მზად ნატო-ს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიზანია, მივიღოთ მეტი საქართველო ნატო-ში და მეტი ნატო საქართველოში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

როგორც აპატურაიმ აღნიშნა, არ ელოდა, რომ საქართველოს ნატო-ში მომავალ წელს მიიწვევენ, მაგრამ ელოდება, რომ მომავალ წელს რამდენიმე წლის წინ შემუშავებული პაკეტის ძალიან ბევრი ელემენტის შესრულდება.

„უნდა გავაგრძელოთ სიარული წინ, წავიდეთ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ. მიზანია, მივიღოთ მეტი საქართველო ნატო-ში და მეტი ნატო საქართველოში. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილს, მაგრამ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს, რომ ასპირანტი ქვეყანა უფრო გაძლიერდეს და უფრო მეტად იყოს მზად ნატოს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო მოვა. ვფიქრობ, ეს პროცესი ეხმარება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებასაც“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მისი თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განწყობა ძალიან კარგი იყო.

„ამ განწყობის ერთ-ერთი მიზეზი ძალიან ეფექტიანი პოლიტიკური და საკმაოდ დეტალური პრეზენტაცია იყო, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო პრეზენტაცია და ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრები კმაყოფილი დარჩნენ. განწყობა კარგი იყო ჩვენი ახლო და მჭიდრო თანამშრომლობის გამო. მინისტრმა ძალიან კარგად შეასრულა ამოცანა.

რაც შეეხება ქართველი მინისტრის ინიციატივას, ჩვენ ვხედავთ რომ არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების ნაწილის იმპლემენტაცია მალე დასრულდება და გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ შევინარჩუნებთ ტემპს. შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით ისე სწრაფად ვერ მივდივართ, მაგრამ პრაქტიკულ მიმართულებაზე აღებული ტემპი უნდა შევინარჩუნოთ. პროცესი არის და უნდა იყოს განგრძობადი“, – განაცხადა ჯეიმ აპატურაიმ.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენლის თქმით, საქართველო ალიანსს მუდმივად ახალ იდეებს აწვდის, რომელთა ნაწილი უკვე ხორციელდება.

„მინისტრმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე წარმოადგინა ახალი იდეები. გულწრფელად გეტყვით, რომ ეს იდეა ჩვენ პირველად სხდომაზე გავიგეთ. ახლა ვიწყებთ გაცნობის პროცესს და ვნახავთ, რას ნიშნავს, როგორ შეიძლება მოვარგოთ იმას, რასაც ნატო-ს წევრი ქვეყნები აკეთებენ. იქნება ნატო-ში მსჯელობა ამ საკითხზე. ჩვენ ჯერ ელჩების დონეზე თავდაცვის მინისტერიალის განსახილველი შეხვედრაც არ გვქონია.

აუცილებლად ვისმჯელებთ პარტნიორობის ასპექტებზე. შემდეგი ნაბიჯი ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ წევრი ქვეყნებისთვის ყველა იმ ახალი ელემენტის შეხსენება იქნება, რომელიც სხდომაზე განვიხილეთ და მერე გადავწყვეტთ, როგორ განვახორციელოთ და წავიდეთ წინ“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.