ჯეიმს აპატურაი - სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ, მისი გზავნილებით დავბრუნდები ბრიუსელში
ჯეიმს აპატურაი - სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ, მისი გზავნილებით დავბრუნდები ბრიუსელში

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განხილული იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები და პრიორიტეტული თემები, მათ შორის – ნატო – საქართველოს ურთიერთობები. ამის შესახებ ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც აპატურაიმ აღნიშნა, არჩეულმა პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც პრეზიდენტს ექნება.

„ნატო აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. მე ვისაუბრე ჩვენს პარტნიორობაზე და ამ პარტნიორობის მიმართ ნატო-ს ურყევ პოზიციაზე, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ მხარდაჭერაზე. მე მივესალმე არჩეულ პრეზიდენტის გზავნილებს, რომლებზეც მან „ფაინენშელ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების ნებას გაატარებს, რაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაა და ჩვენ ვიმუშავებთ, რომ ეს მოხდეს“,-აღნიშნა აპატურაიმ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი კონკრეტული საკითხები, როგორებიც არის შავი ზღვის უსაფრთხოება, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რუსეთის ქმედებები საქართველოში.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ პოლარიზებულ გარემოზეც, რაც საქართველოშია. ამ თემით დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა საუბარი, აგრეთვე გეგმებზე პოლიტიკური დისკუსიის წარმართვის შესახებ, რომელსაც ნატო-ს წევრი ქვეყნები მიესალმებიან. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით და მისი გზავნილებით დავბრუნდები ბრიუსელში. მინდა სალომე ზურაბიშვილს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.