ჯეიმს აპატურაი - სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ძალიან მკაფიო და ძლიერი გზავნილებით ჩამოვიდა
ჯეიმს აპატურაი - სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ძალიან მკაფიო და ძლიერი გზავნილებით ჩამოვიდა

მე ისევე, როგორც შეხვედრაზე მყოფ ნატო-ს წევრი ქვეყნების ყველა ელჩს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ში ჩამოვიდა ძალიან მკაფიო და ძლიერი სიგნალებით, – ამის შესახებ პირველ არხს ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ჯეიმს აპატურაის თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე მკაფიო გზავნილი დააფიქსირა.

„პირველი მკაფიო და ძლიერი გზავნილი უკავშირდება საქართველოს მომავალ წევრობას ნატო-ში. საქართველოს პრეზიდენტის მიზანია, წარუძღვეს საქართველოს ნატო-ში და ეს არის მისი პრიორიტეტი საპრეზიდენტო ვადის დროს. მეორე მკაფიო და ძლიერი გზავნილი იყო ის, რომ საქართველო გააგრძელებს წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. მესამე გზავნილი ეხებოდა შავ ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და შავ ზღვაზე უსაფრთხოების კუთხით გართულებულ ვითარებას. საქართველოს პრეზიდენტი ძალიან მკაფიო იყო და ძლიერი გზავნილები ჰქონდა მაშინ, როდესაც საუბრობდა სამხრეთ ოსეთზე და აფხაზეთზე, რუსეთის ქმედებებზე საქართველოს ორივე რეგიონში, ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, დაძაბულ ვითარებაზე. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამ თემებზე საუბარი მაგიდის გარშემო მყოფ ელჩებთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ევროპული მისწრაფება, ნატო-ში გაწევრიანება არის საკითხები, რომლებზეც სრული კონსენსუსია პოლიტიკურ ძალებს შორის.

„ეს არის არჩევანი, რომელიც არ შეიცვლება და სალომე ზურაბიშვილი აპირებს, ქართველი ხალხის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად იმუშაოს“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.