ჯეიმს აპატურაი - რუსეთისთვის უნდა იყოს ნათელი, რომ არასდროს შევეგუებით და არ დავივიწყებთ იმას, რასაც ისინი საქართველოში აკეთებენ
ჯეიმს აპატურაი - რუსეთისთვის უნდა იყოს ნათელი, რომ არასდროს შევეგუებით და არ დავივიწყებთ იმას, რასაც ისინი საქართველოში აკეთებენ

ჩვენ არ გვავიწყდება და არ დავივიწყებთ საქართველოში რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მყოფმა ელჩებმა დააფიქსირეს შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ჰუმანიტარულ კრიზისზე.

„შეხვედრაზე მყოფი ელჩები ფლობდნენ ინფორმაციას იმ რთულ და დაძაბულ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ზოგადად და განსაკუთრებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვით. მათ დააფიქსირეს შეშფოთება არსებული ჰუმანიტარული სიტუაციის გამო. ჩვენ სხდომაზე ვსაუბრობდით, ვმსჯელობდით, თუ რა შეუძლია ნატოს დამატებით გააკეთოს საქართველოს მხარდასაჭერად“,- განაცხადა აპატურაიმ.

მისივე თქმით, პირველ რიგში რუსეთისთვის უნდა იყოს ნათელი, რომ არ ვეგუებით და არასდროს შევეგუებით იმას, რასაც ისინი აკეთებენ.

„ასევე, ყოველთვის ვადევნებთ თვალს და დიდი ყურადღებით მივადევნებთ თვალს, თუ რა ქმედებებს აქვს მათი მხრიდან ადგილი.

უკრაინაა მთავარ ახალ ამბებში, მაგრამ ჩვენ მართლაც ყოველთვის ვაფიქსირებთ პოზიციას და ვამბობთ ღიად, რომ არ დაგვიწყებია რაც საქართველოში ხდება.

ხვალ გაიმართება ნატო-რუსეთის საბჭო და არ გამიკვირდება, რომ ნატო-ს ელჩებმა შეახსენონ რუსეთს, რომ მაშინაც კი, როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაზე, ჩვენ არ გვავიწყდება და არ დავივიწყებთ საქართველოში რუსეთის აგრესიულ ქმედებებს“,- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.