ჯეიმს აპატურაი - ნატო ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნებისთვის ემზადება
ჯეიმს აპატურაი - ნატო ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნებისთვის ემზადება

ნატო ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნებისთვის ემზადება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა. აპატურაის თქმით, საუბარია ნორვეგიაში დაგეგმილ წვრთნებზე.

„ნატო ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნებისთვის ემზადება. ეს არის პასუხი იმ გართულებულ, დაძაბულ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც დღესდღეობით არის შექმნილი და რუსეთი არის პასუხისმგებელი ამაზე ევროპაში. წვრთნებს არ ექნება თავდასხმითი ელემენტები და ეს არის ნატო-ს ტერიტორიის თავდაცვა. ეს არის პროპორციული ღონისძიება. დიახ, ეს არის ყველაზე მასშტაბური წვრთნები, რაც კი ნატოს ჰქონია, მაგრამ გაცილებით მცირე მასშტაბების, ვიდრე რუსეთი ატარებს.

ახლა მიმდინარეობს რუსეთის წვრთნები „ვოსტოკი“ და როგორც ამბობენ, 300 000 სამხედრო მონაწილეობს ამ წვრთნებში. ჩვენი გაცილებით მცირე იქნება, ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკმარისია და ასეა საჭირო.

გასულ წელს რუსეთს გაცილებით დიდი სწავლება ჰქონდა ჩვენს საზღვრებთან. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ მათ ეს საფრთხეს არ უქმნის და იცის, რომ რასაც თვითონ აკეთებს, ეს გაცილებით დიდი მასშტაბისაა. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ნატო აძლიერებს თავდაცვას არაპროგნოზირებად გარემოში“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.