ჯეიმს აპატურაი - ღრმად ვარ შეშფოთებული არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო
ჯეიმს აპატურაი - ღრმად ვარ შეშფოთებული არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო

სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და ორი პირის დაკავების გამო შეშფოთებულია.

ამის შესახებ აპატურაიმ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

„ღრმად ვარ შეშფოთებული საქარველოში, სამხრეთ ოსეთში განვითარებული ბოლო მოვლენებით – არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და ორი პირის დაკავების გამო. ვუსამძიმრებ ბატონ ტატუნაშვილის ოჯახს. ორ დაკავებულ ქართველს დაუყონებლივ უნდა მისცენ უფლება გადავიდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – აცხადებს აპატურაი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან.