ჯეიმი კარაგერი - კოუტინიოს ადგილი „ლივერპულშია“
ჯეიმი კარაგერი - კოუტინიოს ადგილი „ლივერპულშია“

„ლივერპულის“ ყოფილი კაპიტანი ჯეიმი კარაგერი მიიჩნევს, რომ კლუბმა ფილიპე კოუტინიო უნდა დაიბრუნოს, თუ ამის შანსი მიეცემა. ბრაზილიელმა „ენფილდი“ 2018 წელს დატოვა და „კამპ ნოუზე“ გადაბარგდა, თუმცა კატალონიურ გრანდში მისი კარიერა არ აეწყო და „ბარსელონას“ გულშემატკივრები მის გაშვებას ითხოვენ.

ი-ეს-პი-ენი (ESPN) ინკოგნიტო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კატალონიელები, რომლებმაც კოუტინიოში 160 მილიონი ევრო გადაიხადეს, ახლა მზად იქნებიან ის 100 მილიონ ევროდ გაყიდონ და კარაგერი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელის კარიერა „ლივერპულში“ უკეთ აეწყობა.

„ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებულად მოვინდომებდი მის დაბრუნებას, მაგრამ თუ ბარსელონა მისაღებ ფასზე თანახმა იქნება, აუცილებლად დავფიქრდებოდი“, – აცხადებს კარაგერი.

„ლივერპულმა“ წლევანდელი სეზონი 97 ქულით დაასრულა, მაგრამ მაინც ვერ გახდა ჩემპიონი, რადგან „მანჩესტერ სიტიმ“ ერთით მეტის მოგროვება შეძლო.

მიუხედავად ამისა, მერსისაიდელებს შანსი აქვთ წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგონ. 1 ივნისს, მადრიდის სტადიონ ვანდა მეტროპოლიტანოზე, ფინალურ მატჩში ისინი ტოტენჰემს დაუპირისპირდებიან.