ჯეიჰუნ ბაირამოვი – სომხეთმა უნდა გადადგას საჭირო ნაბიჯები სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად

17:40, 30.10.2026

სომხეთმა უნდა გადადგას საჭირო ნაბიჯები სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციის სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს მე-13 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანამ სრულად აღადგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და წერტილი დაუსვა კონფლიქტს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიხსენა, რომ აზერბაიჯანის მიერ წარდგენილი პრინციპების საფუძველზე მომზადებული სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის პარაფირება გასულ წელს მოხდა.

ჯეიჰუნ ბაირამოვმა ხაზი გაუსვა სომხეთის მიერ შეთანხმების ხელმოსაწერად საჭირო პოლიტიკური და სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას.

აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის რეგიონებში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი აღდგენითი და სამშენებლო სამუშაოები, იქმნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიებზე დაახლოებით 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს.

აღინიშნა, რომ „შუა დერეფნის“ განვითარებამ, ზანგეზურის დერეფნის განხორციელებამ, სატრანსპორტო კავშირების გაფართოებამ, ურთიერთინვესტიციებმა და ერთობლივმა პროექტებმა ვაჭრობისა და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა.

მსგავსი