ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ პოლიტიკური ტერორიზმია არა მხოლოდ პოლიციელების მოკვლა, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, არამედ პოლიტიკური ძალადობის დაფინანსება და ორგანიზებაც
ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ პოლიტიკური ტერორიზმია არა მხოლოდ პოლიციელების მოკვლა, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, არამედ პოლიტიკური ძალადობის დაფინანსება და ორგანიზებაც

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ პოლიტიკური ტერორიზმია არა მხოლოდ პოლიციელების მოკვლა, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა და არეულობებს მონაწილეობა, არამედ ასევე პოლიტიკური ძალადობის დაფინანსება და ორგანიზება. ამის შესახებ ვენსმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ ვცდილობთ, გავიგოთ, თუ როგორ ხდება ახალგაზრდების რადიკალიზაცია და ვინ აფინანსებს ამ რადიკალიზაციის ძალისხმევას. ჩვენ ვიხილეთ ეს 2020 წლის ზაფხულში, როდესაც არეულობის დროს 20 ადამიანზე მეტი დაიღუპა. ეს არის პოლიტიკური ტერორიზმი. საუბარი არ არის მხოლოდ ამ ადამიანებზე, ვინც პოლიციელებს კლავენ ან „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისვრიან და არეულობებში მონაწილეობენ. საიდან მოდის ფული? ვინ აორგანიზებს ამ ძალადობრივ ქმედებებს?“ – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ისინი, ვინც ქვეყნის მთავრობის ან მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობისკენ მოწოდებებით გამოდიან, ტერორისტული მოძრაობის მონაწილეები არიან.

„ადამიანებს აშშ-ის მთავრობის ან თანამოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების ჩადენისკენ თუ მოუწოდებთ, მაშინ თქვენ ნამდვილად ტერორისტულ მოძრაობაში ხართ ჩართული. ჩვენ სულ უფრო მზარდად ვხედავთ, რომ ადამიანები, ტრანსსაზოგადოება და ულტრამემარცხენე ჯგუფების სხვა წევრები აცხადებენ, რომ ისინი იმდენად არიან შეშინებული ნეგატიური რიტორიკით, რომ ხელში იარაღი უნდა აიღონ და ადამიანებს თავს დაესხან. თუ თქვენი მოძრაობა გეუბნებათ, რომ ჩაიდინოთ ძალადობრივი ქმედებები მათ წინააღმდეგ, ვინც საუბრობს იმას, რაც თქვენ არ მოგწონთ, თქვენ, პირველ რიგში, ბოროტი ხართ და მეორე, თქვენ ჩართული ხართ ტერორისტულ მოძრაობაში. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა აღმოფხვრათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ მემარცხენე ძალადობის დაფინანსებისა და რადიკალიზაციის ქსელები გამოვავლინოთ. თუკი თქვენ თანამოქალაქე ამერიკელებს ან ვინმე სხვას მოუწოდებთ ან აფინანსებთ, რომ ჩაიდინონ ძალადობის აქტები, რადგან არ ეთანხმებით პოლიტიკურ შეხედულებას, თქვენ მოგეპყრობიან, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას და ჩვენ თქვენამდეც მოვალთ“, – აღნიშნა ვენსმა.

ჯეი დი ვენსის თქმით, ხელისუფლება აპირებს, შეაჩეროს ქვეყანაში პოლიტიკური ძალადობა.

„არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ხართ და აფინანსებთ არეულობებს და სხვა სახის პოლიტიკურ ძალადობას, რატომ არ უნდა დაგიპირისპირდეთ? რატომ არ უნდა გავწყვიტოთ დაფინანსების ეს წყაროები? და რატომ არ უნდა გავასამართლოთ ძალადობაში ჩართული ადამიანები?“ – განაცხადა ვენსმა.