ჯეი დი ვენსი - ირანთან შეთანხმება, შესაძლოა, მომდევნო კვირაში შედგეს, მაგრამ შეიძლება, თვეების შემდეგ მოხდეს
ჯეი დი ვენსი - ირანთან შეთანხმება, შესაძლოა, მომდევნო კვირაში შედგეს, მაგრამ შეიძლება, თვეების შემდეგ მოხდეს

ირანთან შეთანხმება, შესაძლოა, ერთ კვირაში ან რამდენიმე თვეში გაფორმდეს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ვენსის თქმით, ვაშინგტონი და თეირანი შეთანხმებასთან „ძალიან ახლოს“ არიან, თუმცა ზუსტი დრო უცნობია.

„შეთანხმება, შეიძლება, მომდევნო კვირაში შედგეს, მაგრამ ასევე შეიძლება, ეს თვეების შემდეგაც მოხდეს“, – აღნიშნა ვენსმა.

როგორც ვენსმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ შეთანხმებას აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე აუცილებლად მიაღწევენ.

„ვფიქრობ, არჩევნებამდე ბევრ რამეს გავიგებთ“, – აღნიშნა ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიზანია ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაშიც იმუშავებს და რეალურად შეზღუდავს ირანის ბირთვულ პროგრამას.

ვენსის შეფასებით, პროცესი „ძალიან ახლოს არის საბოლოო შედეგთან“, თუმცა ჯერ კიდევ საჭიროებს დამატებით მოლაპარაკებებს.

„ამჟამად, ვფიქრობ, ჩვენ ვართ იმ პოზიციაში, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც სასარგებლო იქნება შეერთებული შტატებისთვის ეკონომიკურად, რომელიც ნამდვილად შეეხება ირანის ბირთვულ პროგრამას, არა მხოლოდ ახლა, ვიდრე დონალდ ტრამპი პრეზიდენტია, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს არის მიზანი. ვფიქრობ, ძალიან ახლოს ვართ ამ მიზნის მიღწევასთან“, – განაცხადა ვენსმა.