ჯეი დი ვენსი - ჩვენ წინაშე რთული ამოცანაა, „ჰამასის“ განიარაღება, ღაზის აღდგენა და იმის უზრუნველყოფა, რომ ტერორისტული დაჯგუფება აღარ დაემუქრება ისრაელს
ჯეი დი ვენსი - ჩვენ წინაშე რთული ამოცანაა, „ჰამასის“ განიარაღება, ღაზის აღდგენა და იმის უზრუნველყოფა, რომ ტერორისტული დაჯგუფება აღარ დაემუქრება ისრაელს

ჩვენ წინაშე რთული ამოცანაა: „ჰამასის“ განიარაღება, ღაზის აღდგენა და იმის უზრუნველყოფა, რომ ტერორისტული დაჯგუფება აღარ დაემუქრება ისრაელს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს საბედისწერო დღეებია და ჩვენ ძალიან აღტაცებული ვართ იმით, რომ ერთად ვიმუშავებთ ღაზის სამშვიდობო გეგმაზე. ჩვენ წინაშე ძალიან, ძალიან რთული ამოცანაა, რაც „ჰამასის“ განიარაღებას, ღაზის აღდგენას, ღაზაში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას და ასევე იმის უზრუნველყოფას მოიცავს, რომ „ჰამასი“ აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს ჩვენი მეგობრებისთვის ისრაელში“, – განაცხადა ვენსმა.

ვენსის თქმით, ბოლო დღის განმავლობაში ძალიან კარგი საუბარი ჰქონდა ისრაელთან და არაბულ ქვეყნებთან, „რომლებიც ინიციატივას გამოთქვამენ და პოზიტიური როლის შესრულებას ცდილობენ“.

„ჩვენ აქ დიდ საქმეებს გავაკეთებთ“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

თავის მხრივ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ აშშ-თან პარტნიორობა ქმნის შესაძლებლობებს არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ მშვიდობის გაფართოებისთვის.

„ეს ცვლის ახლო აღმოსავლეთს და მსოფლიოს. ეს ქმნის შესაძლებლობებს არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ მშვიდობის გაფართოებისთვის, რაზეც ჩვენ ძალიან, ძალიან მონდომებით ვმუშაობთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს, ვინ მართავს ღაზას, ვინ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და აღნიშნა, რომ იყო რამდენიმე „ძალიან, ძალიან კარგი იდეა“.

„მარტივი არ იქნება, მაგრამ, ვფიქრობ, ეს შესაძლებელია“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.