ჯეი დი ვენსი – არ შეიძლება, დავუშვათ, რომ ახლო აღმოსავლეთში ჩვენი საგარეო პოლიტიკა ისრაელს ექვემდებარებოდეს

12:27, 16.09.2026

არ შეიძლება, დავუშვათ, რომ ახლო აღმოსავლეთში ჩვენი საგარეო პოლიტიკა ისრაელს ექვემდებარებოდეს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა კონფერენციაზე განაცხდა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ცხადია, ისრაელი მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხედრო ტექნოლოგიებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების კუთხით, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც შეერთებული შტატები ისრაელს არ ეთანხმება.

„ვფიქრობ, ბოლო 40 წლის განმავლობაში ნებისმიერ სხვა პრეზიდენტთან შედარებით, ტრამპმა ყველაზე მეტად გამოავლინა მზაობა, რეალურად გაემიჯნოს ბიბი ნეთანიაჰუს მაშინ, როდესაც მიიჩნევს, რომ ამერიკელი ხალხის ინტერესები ისრაელის მთავრობის ინტერესებისგან განსხვავდება. დონალდ ტრამპი ბოლო 40 წლის განმავლობაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც გაბედა ეთქვა: „იცით რა, დიახ, ბიბი კარგი პარტნიორია, მაგრამ ამ საკითხზე მე და მას განსხვავებული მოსაზრება გვაქვს“, ან „ამაში ბიბი ცდება“, ანდა, „შესაძლოა, ისრაელის პერსპექტივიდან ბიბი მართალია, მაგრამ ამერიკელი ხალხი მოითხოვს, რომ სხვა გზით წავიდეთ“, – აღნიშნა ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ეს ნატო-ს შემთხვევაშიც ასეა.

„ნატო-ს ფარგლებში ჩვენ მრავალი მნიშვნელოვანი ურთიერთობა და პარტნიორობა გვაკავშირებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ევროპული საგარეო პოლიტიკა სრულად ნატო-ს დავუქვემდებაროთ, ისევე როგორც არ შეიძლება, ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებული ჩვენი საგარეო პოლიტიკა ისრაელის სახელმწიფოს ინტერესებს დავუქვემდებაროთ. პარტნიორებთან საჭიროებისამებრ ვითანამშრომლებთ და როცა აზრთა სხვადასხვაობა იქნება, ამასაც ღიად დავაფიქსირებთ; ამასთანავე, მუდმივად ვიხელმძღვანელებთ ამერიკის ინტერესებით. მხოლოდ ასეა შესაძლებელი რაციონალური საგარეო პოლიტიკის გატარება“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

მსგავსი