სამწუხაროდ, ახლა ევროპის სტრატეგია ომის დაფინანსებაა, ომის, რომელიც გაუმაძღარი შვილივითაა. ევროპამ საკუთარი თავი მოიმწყვდია კუთხეში მას შემდეგ, რაც რუსული ენერგორესურსები ჩაჭრა, – ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომისტმა ჯეფრი საქსმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ევროკავშირი აპირებს რუსეთთან ომში ფულის დახარჯვას.
„ევროპაში არ არსებობს არავითარი ეკონომიკური სტრატეგია, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები კი ინფრასტრუქტურის მშენებლობისას ნაკლებად თანამშრომლობენ. ამავე დროს არიან ძალიან დაბნეულები, მათ არ აქვთ გეგმა, ისინი ამერიკულ ენერგორესურსებზე მზარდი ფასების წინაშე არიან – იმ სახელმწიფოსგან, რომლის ხელშიცაა მათი უსაფრთხოება“, – განაცხადა ჯეფრი საქსმა.
ჯეფრი საქსმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება და ისეთი დიდი ეკონომიკური მნიშვნელობის რეგიონი, როგორიც ევროკავშირია, საჭიროებს შესაბამის სტრატეგიას ციფრული ეკონომიკისთვის, ენერგორესურსებისთვის, ინფრასტრუქტურისთვის.
„სამწუხაროდ, ახლა ევროპის სტრატეგია ომის დაფინანსებაა, ომის, რომელიც არის გაუმაძღარი შვილივით. ევროპამ საკუთარი თავი მოიმწყვდია კუთხეში მას შემდეგ, რაც რუსული ენერგორესურსები ჩაჭრა, ეს კი ორმხრივი სარგებლის მომტანი იყო. შესაბამისად, ევროკავშირმა გაიძვირა ენერგორესურსები და, იაფი რუსული ბუნებრივი აირის მაგივრად, ამერიკის შეერთებული შტატებისგან თხევად გაზს ყიდულობს. ახლა ევროკავშირი აპირებს რუსეთთან ომში ფულის დახარჯვას. ეს სიგიჟეა. ამას აპირებენ ევროპელი პოლიტიკოსები – იქნება ეს სტარმერი ბრიტანეთში თუ მერცი გერმანიაში, გნებავთ, მაკრონი საფრანგეთში. მათ კი ამომრჩეველი ეწინააღმდეგება. მაკრონის მხარდაჭერა მოსახლეობაში 20%-ს თუ აღწევს, უკმაყოფილება კი – 60-სა და 70-ს, 80%-საც კი. ასე რომ, ევროპაში არ არსებობს არავითარი ეკონომიკური სტრატეგია, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები კი ინფრასტრუქტურის მშენებლობისას ნაკლებად თანამშრომლობენ. ამავე დროს, არიან ძალიან დაბნეულები, მათ არ აქვთ გეგმა, ამერიკულ ენერგორესურსებზე მზარდი ფასების წინაშე არიან – იმ სახელმწიფოსგან, რომლის ხელშიცაა მათი უსაფრთხოება. ეს დიდი შეცდომაა. მათ სურთ ჩინეთთან პროტექციონული პოლიტიკის წარმოება, ქვეყანასთან, რომელიც მათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია ან იქნება უახლოეს მომავალში. ასე რომ, ევროპაში დიდი დაბნეულობაა, სწორედ ამიტომ არის ევროპული ეკონომიკა ასეთ სტაგნაციაში“, – განაცხადა ჯეფრი საქსმა.
ჯეფრი საქსს კითხვა დაუსვეს, რატომ შეიძლება, უნდოდეს რომელიმე სახელმწიფოს ახლა ევროკავშირში გაწევრიანება, რაზეც მან აღნიშნა:
„სახელმწიფოები თვალს ადევნებენ, რა ხდება ევროკავშირში, კანდიდატი სახელმწიფოები, მაგალითად, ბალკანეთში საკუთარ თავს ეკითხებიან, რა გზას დაადგნენ“.
ჯეფრი საქსის თქმით, ევროპა მსხვერპლია რუსოფობიისა.
„ევროპაში არსებული ვითარება ცუდია, რაც სამწუხარო და ირონიულია. ეს გახლავთ 20 ტრილიონის მოცულობის ეკონომიკა, ძალიან განვითარებული ეკონომიკური ფაქტორებით დატვირთული, წამყვანი უნივერსიტეტებითა და მეცნიერებით, 450 მილიონი ადამიანი ჯამში, მაგრამ სრულიად არაორგანიზებული პოლიტიკითა და სტრატეგიით. ევროპა მსხვერპლია რუსოფობიისა, რომელიც ყოვლად ალოგიკურია. მათ წაერთვათ ჯანსაღად მსჯელობის უნარი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ნაკლებად არის ეკონომიკური სტრატეგი“, – განაცხადა ჯეფრი საქსმა.
როგორც ჯეფრი საქსმა განაცხადა, სანქციებმა მოსპო რუსეთსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური კავშირი.
„ეს არის ევროპის არჩევანი. მეორე მხრივ, რუსეთის ფედერაციისთვის თავისთავად სანქციები ზიანის მომტანი იყო, მაგრამ მოსკოვმა ჩინეთისკენ, ინდოეთისკენ, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიისკენ და არაბული სამყაროსკენ გაიხედა. თუ ევროპას არ სურს რუსეთთან ვაჭრობა, რუსეთი სხვა პარტნიორებს იპოვის. რუსეთი იყო მოქნილი, ადაპტირებისთვის მზადმყოფი და ძალიან ჭკვიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას. ევროპა კი განიცდის სტრატეგიული ხედვის ნაკლებობას, არ აქვს ეკონომიკური პროგრამა, შესაბამისად, ევროპამ ყველაზე მეტად იზარალა გეოსტრატეგიული თვალსაზრისით. ევროპამ უბიძგა რუსეთის ფედერაციას, წასულიყო ჩინეთის, ინდოეთისა და აღმავალი ეკონომიკების უმრავლესობისკენ. ეს კი ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად მზარდი სახელმწიფოთა ჯგუფია. ვგულისხმობ „ბრიქსის“ წევრ და წევრობის მოსურნე სახელმწიფოებს. დასავლეთმა ამ სახელმწიფოების ეკონომიკური შეკავშირება გამოიწვია, ამ სახელმწიფოებმა კი ეს მომენტი ერთმანეთთან უფრო მეტი თანამშრომლობისთვის და, შედეგად, უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლების მიღებისთვის გამოიყენეს“, – აღნიშნა ჯეფრი საქსმა.
ჯეფრი საქსმა ასევე აღნიშნა, რომ „ამერიკული და ევროპული „დიფ სთეითი“, უშიშროების სამსახურები საკუთარ თავს აძლევენ უფლებას, სხვა სახელმწიფოთა საქმეებში ჩაერიონ“.
„როგორც წესი, ეს სწორედ სამიზნე სახელმწიფოებისთვის დიდი ზიანის მიყენებით სრულდება“, – განაცხადა ჯეფრი საქსმა.
ჯეფრი საქსმა ასევე უპასუხა ბრიტანელი დიპლომატის, იან პრაუდის კითხვას, რომლის მიხედვითაც, კონგრესმენი ჯო უილსონი ჰელსინკის კომისიის გავლით კვლავ ცდილობს ე.წ. მეგობარი აქტის მიღებით საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესოს, რაზეც საქსმა აღნიშნა:
„ეს შეფარვით და უკანონოდ ხდება. აშშ-მა და ბრიტანეთმა, ვინაიდან ლონდონი ვაშინგტონის მასწავლებელია – ამ ძალებმა მსოფლიოს ბევრი ნაწილი გააუბედურეს. მათი დაგეგმილი ოპერაციები ხშირად არ მუშაობს, რადგან ეს კონგრესმენები არიან გაუნათლებელი. ძალიან ბევრ სხდომას დავსწრებივარ, მათ არ იციან გეოგრაფია, ბევრი საზღვარგარეთ არც ყოფილა. ისინი ზიანს აყენებენ მსოფლიოს რეგიონებს, რომელთა შესახებაც არაფერი იციან. სწორედ ეს არის ამერიკული და ბრიტანული საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი. ბრიტანელების შემთხვევაში, დაახლოებით, ორი საუკუნეა და ამერიკის შემთხვევაში, სულ მცირე, 1945 წლიდან“, – აღნიშნა ჯეფრი საქსმა.
ამასთან, ჯეფრი საქსის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები კორუფციული გამოწვევების წინაშეა.
„ჩვენ იმდენად კორუმპირებულნი ვართ, რომ პენტაგონს შანსი არ აქვს, აუდიტი გაიაროს და არც გაუვლია, უკვე რამდენიმე ათეული წელია. ეს გახლავთ სწორედ „დიფ სთეითის“ მიერ მიყენებული ზიანი. ვინ უნდა ჩაატაროს აუდიტი, ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ? ეს ხომ სასაცილოა, აურაცხელი ფული ტრიალებს მათ შორის და ეს ყველამ იცის. რატომ ცდილობენ, გმირად წარმოაჩინონ ზელენსკი? შემიძლია, მხოლოდ ვთქვა, რომ შეხედეთ სტარმერს. სტარმერის მხარდაჭერა, მგონი 20%-ია, სხვადასხვა გამოკითხვით, მისი საქმიანობით უკმაყოფილოთა რიცხვი კი 60%-ს აღწევს, მგონი 70%-საც, ბრიტანული ჯანდაცვის სისტემა მძიმე დღეშია. შეხედეთ მაკრონს, მისი მხარდაჭერა 10%-ს იშვიათად ცდება, ბოლოს ეს ციფრი 13% იყო, ფრანგთა 80% კი მისით უკმაყოფილოა, ასეთი მხარდაჭერის ფონზე კი მაკრონი ზელენსკის ელისეის სასახლეში მასპინძლობს და ეხუტება. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ სწორედ ასეთ ნაბიჯებს დგამენ 13%-იანი პოლიტიკოსები. ეს პოლიტიკოსები არიან წარუმატებელნი, აზრისგან დაცლილი რევერანსებით. მიმაჩნია, რომ ეს სცენები ამერიკელების მითითებითაც იდგმება. ბაიდენს ეს მოსწონდა, ეს გახლდათ დიდი სტრატეგიის ნაწილი. ევროპელი ლიდერები კი, თუ მათ შეიძლება ლიდერები ვუწოდოთ, ამას დაჰყვნენ. ყველაფერი ზედაპირზეა, ომი წაგებულია, რუსეთი იგებს ბრძოლის ველზე, ტრამპს სურს, ზურგი შეაქციოს ამ ომს, ყველგან კორუფციაა და ამ დროს მაკრონი ზელენსკის პარიზში ეხუტება, რატომ? ვერ გეტყვით, ეს ყოვლად ყალბი და მასიური პოლიტიკური აბდაუბდაა, რომელიც ალოგიკურია. გერმანელები, ფრანგები და ბრიტანელები, ევროპელები ამას ხედავენ“, – განაცხადა ჯეფრი საქსმა.
ამასთან, ჯეფრი საქსმა ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას აღნიშნა: „ერთ დღეს შეიძლება გავიღვიძოთ და ზელენსკის მაგიერ ზალუჟნი დაგხვდეს, უცბად ტრამპმა, შეიძლება, ყველაფერს წერტილი დაუსვას და ევროპელები პანიკას მიეცემიან“.
ჯეფრი საქსის თქმით, უკრაინაში ომი არის „დიფ სთეითის“ გეგმა, რომელიც „მუდამ წარუმატებლობისთვის იყო განწირული“.
„ასე რომ, დიახ, დასასრულს ვუახლოვდებით, შეიძლება ეს დასასრულიცაა უკვე. ეს მაგონებს ბრიტანულ კომედიას, „მონტი პაიტონს“, სადაც მეომარს კიდურები აღარ შერჩა, მაგრამ მაინც იჭიმება. ეს საშინელებაა, მაგრამ წლებია, ვამბობთ, რომ ეს ომი არის ცინიკური, „დიფ სთეითის“ გეგმა, რომელიც წარუმატებლობისთვის იყო მუდამ განწირული. რასაც ვამბობდით, ის ახდა“, – აღნიშნა ჯეფრი საქსმა.
რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას ჯეფრი საქსმა ასევე განაცხადა:
„არა მგონია, ამ ომის შემდეგ უკრაინისგან ბევრი დარჩეს და არა მგონია, ვინმე მის აღდგენას აპირებდეს“.
ამასთან, გადაცემის წამყვანმა ჯეფრი საქსს მიმართა: „ბელგიის ხელისუფლება ეწინააღმდეგება გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას, ამავეს ფიქრობს ევროპის ცენტრალური ბანკი. ევროპას ფული შემოაკლდა, ომი კი უკრაინაში გრძელდება. ამავე დროს, ევროპას ხარჯი ექნება, ომი ხვალვე რომ დასრულდეს“, რაზეც საქსმა აღნიშნა:
„ეს განცხადება თავად გაყინული აქტივების ამჟამინდელმა მფლობელმა, Euroclear-მა გააკეთა, ასევე ბელგიის ხელისუფლებამაც, იმავე აზრზეა ევროპის ცენტრალური ბანკი. ურსულა ფონ დერ ლაიენი ჭკუასუსტია. მომიტევეთ, მაგრამ საოცარია, როცა ფიგურა, რომელმაც ადგილობრივი არჩევნებიც კი ვერ მოიგო და მაინც ევროკავშირის სათავეშია, ადამიანი, რომელიც ამდენი გაუგებარი გადაწყვეტილების ავტორია. კიდევ უფრო გასაოცარია, რომ ევროპულმა საბჭომ ის მეორე ვადით დატოვა ევროკომისიის პრეზიდენტად. არ ვიცი, ეს ხალხი ევროპის განადგურებას ცდილობს ასე? არავითარი სტრატეგია მათ არ აქვთ“, – აღნიშნა ჯეფრი საქსმა.