ჯავად ზარიფი - ირანი არ ისწრაფვის ბირთვული იარაღისკენ
ჯავად ზარიფი - ირანი არ ისწრაფვის ბირთვული იარაღისკენ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფის განცხადებით, ქვეყანა არ ისწრაფვის ბირთვული იარაღისკენ. ამის შესახებ ზარიფმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

ირანელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ აშშ-ის პოლიტიკა ირანელ ხალხს ზიანს აყენებს და რეგიონულ დაძაბულობას იწვევს.

„აიათოლა ხომეინიმ ბირთვული იარაღის აკრძალვის ფატვის გამოცემით დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ ჩვენ არ ვისწრაფვით ბირთვული იარაღისკენ. აშშ-ის ეკონომიკური ტერორიზმი ზიანს აყენებს ირანელ ხალხს და იწვევს დაძაბულობას რეგიონში“, – დაწერა ჯავად ზარიფმა „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, გასულ წელს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ი ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა და ირანის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა. მიზეზად დონალდ ტრამპმა თეირანის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა დაასახელა. თავის მხრივ, რამდენიმე კვირის წინ ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილს აღარ შეასრულებს.