ჯასტინ ტრუდო - კანადა უკრაინას მძიმე არტილერიას მიაწოდებს
ჯასტინ ტრუდო - კანადა უკრაინას მძიმე არტილერიას მიაწოდებს

კანადა უკრაინას მძიმე არტილერიას მიაწოდებს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

კანადის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანა აკვირდება უკრაინაში შექმნილ ვითარებას და ახდენს მოქმედებების კოორდინაციას პუტინის უკანონო შეჭრაზე რეაგირებისთვის.

ტრუდოს განცხადებით, კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის რეჟიმთან ახლო კავშირში მყოფ 14 ადამიანს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ორ შვილს და ოლიგარქებს.

„ჩვენ ვიცით, რომ კიევის რეგიონიდან გასვლის მიუხედავად, რუსეთმა გაახშირა თავდასხმა დონბასზე. უკრაინელები გმირებივით იბრძვიან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ისინი იბრძვიან არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ღირებულებებისთვის, რომელსაც ეყრდნობა ბევრი დემოკრატიული საზოგადოება. სწორედ ამიტომ კანადა უკრაინის მხარეს დგას. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ კონფლიქტის ესკალაცია მის გარეთ არ მოხდეს. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არის ფინანსური და კანადა მილიარდობით დოლარის დახმარებას უწევს კიევს. გავაძლიერეთ სამხედრო დახმარება – როგორც არალეტალური, ასევე ლეტალური, ჰუმანიტარული დახმარება. მჭიდრო კონტაქტში ვართ პრეზიდენტ ზელენსკისთან, თუ რა სჭირდებათ მათ ყველაზე მეტად. ბოლოს მათ კანადისგან მძიმე არტილერია ითხოვეს და კანადა გაუგზავნის უკრაინას მძიმე არტილერიას“, – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

დატოვე კომენტარი