ჯასტინ ტრუდო - კანადა ტარიფების ამოქმედების შემთხვევაში აშშ-ს დაუყოვნებლივ და უკიდურესად ძლიერად უპასუხებს
კანადა ტარიფების ამოქმედების შემთხვევაში აშშ-ს დაუყოვნებლივ და უკიდურესად ძლიერად უპასუხებს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
ამასთან, ტრუდომ მონრეალში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კანადას არ სურს სავაჭრო ომი თავის მეზობელთან.
„ჩვენი მთავრობა და კანადის მთელი გუნდი, პრემიერები, ბიზნესლიდერები, თემის ლიდერები ერთ რამეზე ვართ ფოკუსირებული – დავრწმუნდეთ, რომ სამშაბათს და მომდევნო კვირების განმავლობაში კანადის მიმართ არანაირი ტარიფები არ დაწესდება. ტარიფები, რომლებზეც პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს, გამოწვეულია ფენტანილის კრიზისით, რომელსაც ისინი შეერთებულ შტატებში აწყდებიან, მაგრამ ამას ჩვენც ვაწყდებით კანადაში. თვეების განმავლობაში მე ვუსვამდი ხაზს იმას, რომ შეერთებულ შტატებში შესული ფენტანილის 1%-ზე ნაკლები მოდის კანადიდან. მაგრამ ვიცით, რომ ეს 1% ან 1%-ზე ნაკლებიც კი უნდა შემცირდეს, რის გამოც ჩვენ 1.3 მილიარდი დოლარი ჩავდეთ ჩვენი საზღვრების გაძლიერებაში, დრონებით, 10 000 ადამიანით, რომლებიც პატრულირებენ ჩვენს საზღვრებთან და იცავენ კანადელებსა და ამერიკელებს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც აუცილებელია ამ ტარიფების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ, როგორც ვთქვი, სამშაბათს კანადას უსამართლო ტარიფები თუ დაუწესდება, ჩვენ დაუყოვნებლივ და უკიდურესად მძლავრ რეაგირებას მოვახდენთ, ისეთს, როგორსაც კანადელები ელოდებიან“, - განაცხადა ტრუდომ.