ჯასტინ ტრიუდო კათოლიკურ ეკლესიას მკვიდრი მოსახლეობის ბავშვთა სკოლა-პანსიონატში დატრიალებული ტრაგედიის გამოძიებაში ხელშეწყობისკენ მოუწოდებს
ჯასტინ ტრიუდო კათოლიკურ ეკლესიას მკვიდრი მოსახლეობის ბავშვთა სკოლა-პანსიონატში დატრიალებული ტრაგედიის გამოძიებაში ხელშეწყობისკენ მოუწოდებს

ჯასტინ ტრიუდო კათოლიკურ ეკლესიას მკვიდრი მოსახლეობის ბავშვთა სკოლა-პანსიონატში დატრიალებული ტრაგედიის გამოძიებაში ხელშეწყობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება კანადის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მაისში ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ყოფილი პანსიონატის შენობაში 215 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს.

კანადის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ის იმედგაცრუებულია კათოლიკური ეკლესიის პოზიციით, რომელიც მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე დუმს.

„როდესაც მე ვატიკანში წავედი წლების წინ. პირადად პაპა ფრანცისკეს ვთხოვე, მოეხადათ ბოდიში, აენაზღაურებინათ ზარალი და ყველა დოკუმენტი გაესაჯაროვებინათ. ჩვენ კვლავ ვხედავთ წინააღმდეგობას ეკლესიის მხრიდან. შესაძლოა, კანადის ეკლესიიდანაც. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება ყველასთვის, კერძოდ კი კათოლიკეებისთვის, რომლებიც ჩვენს ქვეყნაში ცხოვრობენ, მიმართონ ეპისკოპოსებს, კარდინალებს, მივახვედროთ ისინი, რომ ეკლესია აიღებს პასუხისმგებლობას და აღიარებს მათ როლს მომხდარში, გვერდით დაგვიდგება, რათა დავეხმაროთ მგლოვიარეებს, მათ შორის დოკუმენტებით. ეს არის ის, რაც სხვა ეკლესიებმა გააკეთეს. ეს არის რის გაკეთებასაც ველოდებით კათოლიკური ეკლესიისგან“, – განაცხადა ჯასტინ ტრიუდომ.

მანამდე, მომხდარის გამოძიებისკენ კანადას და ვატიკანს გაერო-მ მოუწოდა.

კანადაში მე-19-მე-20 საუკუნეებში სკოლა-ინტერნატები სავალდებულო იყო მკვიდრი მოსახლეობის ბავშვების იძულებითი ასიმილაციის მიზნით. სკოლები მთავრობასა დ რელიგიური ლიდერების კონტროლს ექვემდებარებოდნენ. 1863-1998 წლებში მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი 150 ათასი ბავშვი იძულებით დააშორეს ოჯახს და სკოლა-ინტერნატებში განათავსეს. სკოლა-ინტერნატებში ყოფნისას გარდაიცვალა 4 100-ზე მეტი ბავშვი. ექვსწლიანი გამოძიების შედეგად, 2015 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია სკოლებში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტებზე.

2008 წელს კანადის მთავრობამ მკვიდრი მოსახლეობის ასიმილაციის მიზნით შექმნილი სასკოლო სისტემისთვის ოფიციალურად მოიხადა ბოდიში.