ჯასტინ ტრიუდო - ჩვენ გადმოგვცეს მნიშვნელოვანი შეტყობინება, რომ უკრაინული ავიალაინერი ირანული რაკეტით შემთხვევით ჩამოაგდეს
ჯასტინ ტრიუდო - ჩვენ გადმოგვცეს მნიშვნელოვანი შეტყობინება, რომ უკრაინული ავიალაინერი ირანული რაკეტით შემთხვევით ჩამოაგდეს

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, მათ აქვთ დაზვერვის მიერ მოპოვებული მონაცემები, რომელიც ადასტურებს, რომ უკრაინული ავიალაინერი, რომლის ბორტზეც კანადის 63 მოქალაქე იმყოფებოდა, ირანული რაკეტით შემთხვევით ჩამოაგდეს.

ამერიკული მხარის მიერ კანადისთვის დაზვერვის მონაცემების გადაცემების შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „სიბისი“ იუწყებოდა.

„ჩვენ გადმოგვცეს მნიშვნელოვანი შეტყობინება ინციდენტთან დაკავშირებით. სხვადასხვა წყაროსგან ვფლობთ დაზვერვის მონაცემებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ თვითმფრინავი ირანული ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტით იქნა ჩამოგდებული”, – განაცხადა ტრიუდომ. თუმცა, მისი თქმით, ეს გამიზნულად არ მომხდარა.

ამასთან, ამერიკული მედიის ინფორმაციით, თეირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს ირანის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიერ ნასროლი რუსული რაკეტა შეცდომით მოხვდა.

თეირანში 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი ემსხვერპლა. ირანში აცხადებენ, რომ უკრაინული „ბოინგის“ ჩამოვარდნა ტექნიკურ მიზეზებს უკავშირდება. თავის მხრივ, ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ თვითმფრინავმა ტექნიკური შემოწმება 6 იანვარს გაიარა და რაიმე ხარვეზი დაფიქსირებული არ ყოფილა.