ჯასტინ ტრიუდო - „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის ტურბინის რუსეთისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება იყო ძალიან რთული
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის ტურბინის რუსეთისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება იყო ძალიან რთული. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მისივე თქმით, კანადას მოუწია მის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო გამონაკლისი დაეშვა და გარემონტებული ტურბინა გერმანიისთვის გადაეცა.
„სანქციები მიმართულია პუტინისა და მისი თანაშემწეების მიმართ და არ არის განკუთვნილი ჩვენი მოკავშირეებისა და მათი მოსახლეობისთვის ზიანის მისაყენებლად“, – განაცხადა ტრიუდომ. მისი თქმით, კანადა ცალსახად განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას.
სანქციების გამო, მილსადენის ტურბინის დაბრუნებასთან დაკავშირებით გამოწვეული პრობლემების ფონზე, რუსეთმა გასულ კვირას ევროპას გაზის მიწოდება შეუმცირა და მიზეზად ტურბინის არქონა დაასახელა, თუმცა მიწოდების შემცირება დროში დაემთხვა გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის ლიდერების უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ჩასვლას.