ჯასტინ ბიბერის კონცერტზე ტერაქტის დაგეგმვისთვის ბრიტანელ მოზარდს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
ჯასტინ ბიბერის კონცერტზე ტერაქტის დაგეგმვისთვის ბრიტანელ მოზარდს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

დიდ ბრიტანეთში სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მოზარდ ლლოიდ განტონს, რომელიც კანადელი პოპშემსრულებლის ჯასტინ ბიბერის კონცერტზე ტერაქტს გეგმავდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Guardian-ი აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, 17 წლის განტონი თავდასხმას ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდის შთაგონებით გეგმავდა. უახლოესი 11 წლის განმავლობაში მოზარდს არ შეუძლია, ვადამდელი გათავისუფლება ითხოვოს.

პოლიციამ 17 წლის განტონი 30 ივნისს კარდიფში, ჯასტინ ბიბერის კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, ის მაყურებლებში მანქანით შევარდნას აპირებდა, შემდეგ კი დანით და ჩაქუჩით ხალხზე თავდასხმას გეგმავდა. ჩხრეკისას მის ჩანთაში სამართალდამცველებმა წერილი აღმოაჩინეს.

„მე „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარისკაცი ვარ. დღეს კარდიფზე თავდასხმა განვახორციელე, რადგან თქვენი მთავრობა სირიასა და ერაყს ბომბავს. მომავალში უფრო მეტი თავდასხმა იქნება“, – წერდა მოზარდი.

როგორც განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ განაცხადა, ის დარწმუნებული იყო, რომ განტონი არა ერთი ადამიანის მოკვლას, არამედ მასობრივ მკვლელობას გეგმავდა.

„თქვენი დაკავების მომენტში თქვენ რამდენიმე საათი გაშორებდათ იმისგან, რომ კარდიფის ქუჩებში ბოროტება ჩაგედინათ. შეუძლებელია იმის შეფასება, რამდენი ადამიანის მოკვლა და დაზარალება შეგეძლოთ თქვენი ქმედებების შედეგად, რადგან თავდასხმა აღკვეთეს. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ არა მხოლოდ ერთი ადამიანის მოკვლას, არამედ მასობრივ მკვლელობას გეგმავდით“, – განაცხადა მოსამართლე მარკ უოლმა.

განტონმა სპეცსამსახურების ყურადღება სოციალურ ქსელებში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი ჩანაწერების გამოქვეყნებით მიიქცია.