ჯაშუშური ქსელი რუმინეთში: ბუქარესტი საბოტაჟის შემთხვევებს იძიებს
საილუსტრაციო ფოტო
რუმინეთის ხელისუფლებამ გამოავლინა რუსული ჯაშუშური ქსელი, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო კომპლექსებთან დაკავშირებულ საბოტაჟის ფაქტებზე ეკისრება პასუხისმგებლობა. რუმინეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ჯგუფს დავალებული ჰქონდა დივერსიების განხორციელება როგორც რუმინეთში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში. ვინ არიან ეჭვმიტანილები და როგორ ხდება მათი გამოაშკარავება?
რუმინეთში საბოტაჟის მოწყობის მორიგი მცდელობა ამჯერად წარმატებით განხორციელდა. რუმინეთის სპეცსამსახურების მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზებში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ მოქმედებს რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო დივერსიული ქსელი.
გადასაბირებელი ადამიანების მოძიება სოციალურ ქსელებში ხდება. ძირითადად ისეთ პირებს არჩევენ, რომლებსაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ან კრიმინალური წარსული აქვთ. თავდაპირველად მათ შედარებით მარტივ დავალებებს აძლევენ, მაგალითად, ვიდეოსა და ფოტოზე რუსეთისთვის საინტერესო ობიექტების აღბეჭდვას. რუმინეთში ასეთ შემთხვევას წარმოადგენდა, მაგალითად, კონსტანცის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზების გადაღება. მოგვიანებით, მათ ცეცხლის წაკიდებასა და სამხედრო ქარხნების განადგურებას ავალებენ, საბოლოოდ კი – მკვლელობებსაც. აღსანიშნავია, რომ ამ ქსელებიდან თავის დაღწევა ძალიან რთულია, რადგან ადამიანებს სიკვდილით ემუქრებიან.
ბოლო შემთხვევა იარაღის მწარმოებელ რუმინულ კომპანია „კარფილს“ უკავშირდება. საბოტაჟის სხვა მსგავსი შემთხვევების მსგავსად, დაკავებულები ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეები არიან: ბელარუსის ორი მოქალაქე და უკრაინის ერთი მოქალაქე, რომლებიც, სხვა ობიექტებისთვის ცეცხლის წაკიდების მომზადებისას, გერმანიასა და პოლონეთში დააკავეს.