ჯარედ კუშნერი ოფიციალური ვიზიტით მექსიკაში იმყოფებოდა
ჯარედ კუშნერი ოფიციალური ვიზიტით მექსიკაში იმყოფებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი ჯარედ კუშნერი ოფიციალური ვიზიტით მექსიკაში იმყოფებოდა, სადაც ის პრეზიდენტ პენა ნიეტოსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლუი ვიდეგარაის შეხვდა.

კუშნერის კოლონა მაშინ შენიშნეს, როცა ის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას ტოვებდა და პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მიემართებოდა.

პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრები მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ტრამპმა ნიეტოსგან ორ ქვეყანას შორის საზღვარზე კედლის მშენებლობაში ფულის გადახდა მოითხოვა და შემდეგ ლიდერებმა ნიეტოს თეთრ სახლში პირველი ვიზიტი, რომელიც თებერვლის ბოლოს იყო დაგეგმილი, გადადეს.

მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კუშნერის ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრები უსაფრთხოების საკითხებს, მიგრაციასა და ვაჭრობას შეეხება.

კედელი, რომლის აშენებასაც მექსიკის საზღვარზე ტრამპი გეგმავს, აშშ-ს მექსიკელი მიგრანტებისგან დაიცავს.

დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება კი ტრამპსა და ნიეტოს შორის სატელეფონო საუბარს მოჰყვა, სადაც ლიდერების საუბარი მწვავე კამათში გადაიზარდა, როცა ტრამპი მექსიკელი კოლეგისგან კედლის მშენებლობაში ფულის გადახდას დაჟინებით ითხოვდა.