„დონალდ ტრამპს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, ცნობს თუ არა იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად“
„დონალდ ტრამპს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, ცნობს თუ არა იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად“

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა და სიძემ, ჯარედ კუშნერმა დონალდ ტრამპის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად შესაძლო აღიარების თემაზე გააკეთა განცხადება.

მისი თქმით, დონალდ ტრამპს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, ცნობს თუ არა იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად.

კუშნერის ინფორმაციით, ტრამპი ჯერ ისევ განიხილავს საკითხის სხვადასხვა ასპექტს და თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, საზოგადოებას ის თავად ამცნობს.

პარალელურად, იორდანიაში არაბული ქვეყნების ლიგისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის აუცილებლობაზე დაიწყეს საუბარი. მათი შეშფოთება სწორედ დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის სტატუსის შესაძლო ცვლილებას უკავშირდება.

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება ჯორჯ ბუშის წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა მან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა. იერუსალიმს გაერო-სგან გაყოფილი ერთეულის, Corpus Separatum-ის სტატუსი აქვს მინიჭებული. ანალიტიკოსები წლებია შიშობენ, რომ აშშ-ის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება რეგიონში კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს.

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის მეოთხე თვეს ისრაელი-პალესტინის თითქმის 70-წლოვანი კონფლიქტის გადაჭრა დააანონსა.