ჯარედ კუშნერი – აშშ-ს ახლა მკაფიო წარმოდგენა აქვს არა მხოლოდ იმაზე, რამ შეიძლება დაასრულოს რუსეთ-უკრაინის ომი, არამედ იმაზეც, რამ შეიძლება მიიყვანოს მხარეები ხანგრძლივ და მდგრად მშვიდობამდე

00:36, 13.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა მოსკოვსა და კიევში სტივ უიტკოფთან ერთად განხორციელებულ ვიზიტებს „ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვანი“ უწოდა.

კუშნერის განცხადებით, ახლა უკეთ ესმით, როგორი უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები.

„მიმაჩნია, რომ ნებისმიერ რთულ პრობლემასთან დაკავშირებით გარკვეული ჩარჩო უნდა შევქმნათ, რომელშიც მკაფიოდ განვსაზღვრავთ, პირველ რიგში, კონკრეტულად, რის მიღწევას ვცდილობთ“, – განაცხადა კუშნერმა კიევში, YES-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე.

მისივე თქმით, „ახლა აშშ-ს მკაფიო წარმოდგენა აქვს არა მხოლოდ იმაზე, რამ შეიძლება დაასრულოს ომი, არამედ იმაზეც, რამ შეიძლება, მიიყვანოს მხარეები ხანგრძლივ და მდგრად მშვიდობამდე“.

„ჩემი აზრით, ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჩვენ ეს საკითხი კარგად ჩამოვაყალიბეთ. ორივე მხარისგან აქტუალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რუსებთან დროის გატარება, მათთვის სხვადასხვა კითხვის დასმა, იმის გაგების მცდელობა, როგორ ხედავენ ვითარებას, როგორ აღიქვამენ მას და რისი გაკეთება შეუძლიათ. ვფიქრობ, ამან ახალ იდეებამდე მიგვიყვანა, რომელთა განხილვასაც, იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში შევძლებთ“, – განაცხადა ჯარედ კუშნერმა.

როგორც კუშნერმა აღნიშნა, მხარეები ასეთი შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობენ.

„ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. მივხვდით, რომ ორივე მხარის ერთად შეკრებას როდესაც ვახერხებთ, ეს გაცილებით უფრო პროდუქტიულია, ვიდრე ე.წ. შატლის დიპლომატია, თუ კონკრეტული შედეგის მიღწევა გსურთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

კუშნერის თქმით, ამჟამად „არცერთ მხარეს არ აქვს მკაფიო წარმოდგენა“ იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შედეგი.

„მაგრამ ჩვენი, როგორც შუამავლის ამოცანაა, ორივე მხარესთან ვიმუშაოთ, გავაძლიეროთ ნდობა, მოვუსმინოთ ორივე მხარეს, ვეძებოთ საერთო ენა და შემდეგ ვიპოვოთ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა ან ზოგიერთ შემთხვევაში თავად შევქმნათ ასეთი შესაძლებლობა“, – აღნიშნა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

მსგავსი