ჯარედ კუშნერი – აშშ მოლაპარაკებებში ევროპის ჩართვას ცდილობს, კონსულტაციებს ვაწარმოებთ ევროკავშირთან, ნატო-სთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან და დიდ ბრიტანეთთან
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ევროპელი პარტნიორების ჩართვას ცდილობს, – ამის შესახებ სამმხრივი მოლაპარაკებების მონაწილემ, ჯარედ კუშნერმა აბუ დაბიში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იყოს, რადგან ეს ის საკითხია, რომლის განხილვაშიც მისი მონაწილეობა აუცილებელია“, – განაცხადა კუშნერმა.
მისივე თქმით, ვაშინგტონი ცდილობს, არსებული სამმხრივი ფორმატი მრავალმხრივ მოლაპარაკებებად გარდაქმნას. ამ საკითხზე აშშ უკვე აწარმოებს კონსულტაციებს ევროკავშირთან, ნატო-სთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან და დიდ ბრიტანეთთან.
კუშნერის განცხადებით, მოლაპარაკებების ძირითადი საკითხებია ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი და სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმები.
ამასთან, ამერიკელი წარმომადგენელი აღიარებს, რომ ყველაზე რთული ტერიტორიული საკითხების შეთანხმება იქნება. კუშნერმა იმედი გამოთქვა, რომ პუტინთან შეხვედრაზე შესაძლებელი გახდება ჰუმანიტარულ საკითხებზე შეთანხმების საბოლოოდ ჩამოყალიბება, მათ შორის ტყვეთა ფართომასშტაბიანი გათავისუფლების შესახებ.