ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფებოდა
ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფებოდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე, დელეგაციასთან და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას ეწვია.

კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ განაცხადა, რომ კლუგე დაინტერესებულია საქართველოში არსებული პრობლემებით და გამოთქვამს დახმარების მზაობას.

„ჩამოსულია იმის გამო, რომ ცხადია არის ჩვენთან გარკვეული პრობლემები, რაც ამ ბოლო დროს დადგა ჩვენს ქვეყანაში. მას აინტერესებდა, რა დახმარება შეუძლია. ერთი-ორი კონკრეტული საექიმო კითხვაც დასვა. შეგვპირდა, რომ დაგვეხმარება, თუ ამის საჭიროება იქნება, თუმცა უკვე ნელ-ნელა ისე მიდის საქმე, რომ დახმარების ძალიან დიდი საჭიროება შეიძლება აღარც იყოს“, – განაცხადა დავით გადელიამ.

ის ასევე გამოეხმაურა ქვეყანაში არსებულ ვითარებას და შეზღუდვების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს კარგი დინამიკა, რაც ამ ბოლო კვირების განმავლობაშია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს. ვთხოვ მთავრობას, რომ არავითარ შემთხვევაში რეგულაციები არ შეწყდეს და უნდა გაგრძელდეს. ეს ერთი ახალი წელი რამენაირად მოვითმინოთ. მოკრძალებით გადავატაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთივე მძიმე მდგომარეობა იქნება, როგორც ნოემბრის ბოლოს იყო. კლება რაც არის, მარტო სტატისტიკით კი არ ვგრძნობთ, ჩვენ თვითონ ექიმები, რომ დაძაბულობა მოიხსნა“, – განაცხადა მან.

ბოჭორიშვილის კლინიკაში ჰანს კლუგეს ვიზიტის დროს, კლინიკის მიმდებარედ სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.

ისინი სხვადსხვა შინაარსის შეძახილებით ეკატერინე ტიკარაძის მიმართ პროტესტს გამოხატავდნენ, მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ და მის ავტომობილს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

აქტივისტების განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძე არაპროფესიონალია და პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სისტემას სათანადოდ ვერ მართავს, რის გამოც სულ უფრო მეტი ინფიცირებული იღუპება.