ჯანლუიჯი ბუფონი - მინიმუმ 43 წლამდე ვითამაშებ
ჯანლუიჯი ბუფონი - მინიმუმ 43 წლამდე ვითამაშებ

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ მზად არის, მინიმუმ 43 წლამდე ითამაშოს. დღეს ლეგენდარული იტალიელი 42 წლისაა.

„აქ მინიმუმ 43 წლამდე ვიქნები. მას შემდეგ, რაც 40 წელი შემისრულდა, თვიდან თვემდე ვცხოვრობ. ყურადღებით უნდა დავაკვირდე სიტუაციას და ყოველთვის მზად უნდა ვიყო წასვლისთვის. ეს მაშინ მოხდება, როცა უმაღლეს დონეზე თამაშის შესაძლებლობა აღარ მექნება. როგორც კი ვიგრძნობ, რომ ეს მომენტი დადგა, გვერდზე გავდგები. მაგრამ, ჯერჯერობით, მოტივირებული ვარ და საჭირო ფორმაში ვიმყოფები. გავაგრძელებ თამაშს და ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან არაფერი მანიჭებს იმაზე მეტ ბედნიერებას, ვიდრე საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა“, – განაცხადა ბუფონმა.

რამდენიმე დღის წინ, იტალიელმა ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა „იუვენტუსთან”.

42 წლის ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურში „ტორინოს“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში შეიყვანეს. ეს იყო ბუფონის 648-ე მატჩი სერია A-ში – მან გაუსწრო „მილანის“ მცველს პაოლო მალდინის (647 მატჩი) და ტურნირის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.

168 მატჩი იტალიის ჩემპიონატში ბუფონმა „პარმას“ შემადგენლობაში ჩაატარა, 480 – „იუვენტუსში“.

„იუვენტუსის“ რიგებში ჯანლუიჯი ბუფონს იტალიის ჩემპიონატი ცხრაჯერ აქვს მოგებული (რაც ასევე რეკორდია), ოთხჯერ აიღო იტალიის თასი და ხუთჯერ – სუპერთასი.