ჯანი ინფანტინო პოსტის შესანარჩუნებლად ტრამპს მიმართავს
ფიფა-ს პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო (მარცხნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი
ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ პოსტის“ ცნობით, ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, თანამდებობის შესანარჩუნებლად, აშშ-ის მთავრობას დახმარება სთხოვა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი დაგეგმა.
„მას რუბიოსთან ტელეფონით საუბარი და იმის განხილვა სურს, თუ როგორ შეიძლება, შეერთებულმა შტატებმა ფეხბურთი „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად გამოიყენოს“, – განუცხადა გამოცემას საკითხში ჩახედულმა ანონიმურმა წყარომ. „თუმცა, ყველამ ვიცით, რომ ამ ეტაპზე საქმე მხოლოდ თანამდებობის შენარჩუნებას ეხება. ახლა მხოლოდ ამაზე შეიძლება იყოს საუბარი“, – დასძინა მან.
სხვა წყაროს მტკიცებით კი, მის მიმართ მედიაში გავრცელებული უარყოფითი ინფორმაციის დიდი ნაკადის გამო, ფიფა-ს პრეზიდენტი თავს „გარიყულად“ გრძნობს.
„ნიუ იორკ პოსტი“ ასევე იტყობინება, რომ ჯანი ინფანტინო დონალდ ტრამპთან ტელეფონით დაკავშირებას არაერთხელ, თუმცა უშედეგოდ შეეცადა იმ მზარდი ზეწოლის ფონზე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებიდან მიღებული შემოსავლების კერძო საინვესტიციო კომპანიებზე გაყიდვის მცდელობამ გამოიწვია.
ინფანტინოს გეგმა, რომელიც ტელეტრანსლირების, სპონსორობის, ლიცენზირებისა და ბილეთების გაყიდვის უფლებების ცალკე გამოყოფას ითვალისწიბედა, გასულ პარასკევს (31 ივლისს) მთელი მსოფლიოს საფეხბურთო ასოციაციების თითქმის ერთსულოვანი, მკვეთრად უარყოფითი რეაქციის გამო ჩაიშალა.
ამასთან ერთად, დღის წესრიგში დადგა ფიფა-ს ხელმძღვანელის პერსონალური საკითხი – მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის შიგნით ბევრს სურს უმაღლესი პოსტიდან ინფანტინოს გადაყენება. ამ მიზნის მისაღწევად ფიფა-ს შიგნით დაწყებულ კამპანიას პირობითად უკვე უწოდეს „მონსტრის განადგურების პროექტი“.
ფიფა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, კევინ ლამურმა „ასოშიეითიდ პრესს“ განუცხადა, რომ ინფანტინოს მოქმედებების გამო თავს „მოტყუებულად“ გრძნობს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფარული მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იცოდა.
ინფანტინოს ჩაშლილი გეგმა ითვალისწინებდა ახალი შვილობილი კომპანიის, FIFA Forward Enterprise-ს შექმნას, რომელიც ახალ ბიზნეს-საქმიანობას უნდა გაძღოლოდა.
კერძო საინვესტიციო ფირმა Thrive Capital-ს, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის უმცროსი ძმა, ჯოშ კუშნერი ხელმძღვანელობს, კომპანიის 20-პროცენტიანი წილი ოთხ მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტ თანხად უნდა შეეძინა.
გეგმამ, რომელიც ბრიტანულმა გაზეთმა „თაიმსმა“ გამოააშკარავა, მსოფლიოს მასშტაბით საფეხბურთო ჩინოვნიკების აღშფოთება გამოიწვია. მათი თქმით, ამ გეგმის შესახებ მხოლოდ მედიიდან შეიტყვეს.
ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოს, უეფა-ს 55-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტს. ტურნირი, რომელიც 2030 წელს ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში უნდა გაიმართოს, შესაძლოა, ორი მასპინძელი ქვეყნისა და წამყვანი ფეხბურთელების მონაწილეობის გარეშე ჩატარდეს.
ამასთან, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია (FA) ჯანი ინფანტინოს ფიფა-ს პრეზიდენტად ხელახლა არჩევის მხარდაჭერის ოფიციალურად გაუქმებისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, FA ამზადებს წერილს, რომლითაც ინფანტინოსადმი ადრე წერილობით გამოხატულ მხარდაჭერას გააუქმებს. ეს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ გამოცხადებულა, თუმცა მოსალოდნელია, რომ მალე მოხდება. FA-ს კვალს უელსის ფეხბურთის ასოციაციაც მიჰყვება, რომელმაც 3 აგვისტოს პირველმა თქვა უარი ინფანტინოს ოფიციალურად მხარდაჭერაზე. ამის მიზეზად „მმართველობაში, ხელმძღვანელობაში, გამჭვირვალობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ფიფა-ს პრეზიდენტის სერიოზული ხარვეზები“ დასახელდა.