ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების საპროტესტო აქცია გრძელდება
ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების საპროტესტო აქცია გრძელდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ბინებით დაკმაყოფილების მოთხოვნით დევნილები საპროტესტო აქციას განაგრძობენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, პროტესტს 40-მდე ოჯახი გამოთქვამს, მათივე ინფორმაციით, არცერთ მათგანს თავშესაფარი არ აქვს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქცია მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.

„ვაპროტესტებთ იმას, რომ 27 წელია დევნილები ვართ, არ გვაქვს ჭერი. 38-ე დღეა, რაც აქ ვიმყოფებით და ვითხოვთ კანონიერად იმას, რაც გვეკუთვნის და მანამ არ გავალთ აქედან, ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ჩვენი მოთხოვნა არის ბინით დაკმაყოფილება. გუშინ რაღაც მოლაპარაკება შედგა, შეთანხმდნენ რაღაცებზე და კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდებით მათი მხრიდან. დაპირებები არის, გვყოფნის ქულები, ვაკმაყოფილებთ ამ კრიტერიმებს და უნდა მოგვცენ კანონიერად ბინები. დაგვპირდნენ, რომ ბინას მოგვცემენ“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მაკა კემულარიამ.

700-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინები დღეს გადაეცა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის განცხადებით, ბინებით დაკმაყოფილდა იმ ოჯახების ნაწილიც, რომლებიც სამინისტროს შენობის წინ აქციებს მართავდნენ.