ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, აეროპორტში ექიმები იმყოფებიან და ეპიდემიოლოგიური სამსახური მუშაობს. მისი თქმით, დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოწმდებიან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომლებიც დღეს ჩინეთიდან დაგეგმილი მორიგი ავიარეისის საკითხით დაინტერესდნენ.

„მგზავრები შემოწმდებიან ისე, როგორც ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება. ეს მოიცავს სიმპტომების შეფასებას. პირველ რიგში, მგზავრს უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებულია საყურადღებო სიმპტომები. მოხდება თერმული სკრინინგი და შემდეგ, 38 გრადუსი და მეტი ვისაც ექნება ტემპერატურა, ასეთი მგზავრი თუ გამოჩნდება, მას ექნება საშუალება, გაიაროს საწყისი წინასწარი შეფასება ადგილზე, აეროპორტშივე, ვიდრე მოხდება მისი გამოშვება აეროპორტიდან ან გადამისამართება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში. რაც შეეხება შეზღუდვებს მგზავრობასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ აქამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კონკრეტულ კორონავირუსთან მიმართებით არ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. ამიტომ, ჯერჯერობით ვინარჩუნებთ პრევენციული ზომების გააქტიურების რეჟიმში მუშაობას, ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულებრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპების შესაბამისად. როგორც კი ეს მითითება გვექნება, მივყვებით უკვე საერთაშორისო რეგულაციებს, რაც ასეთ შემთხვევაში მოქმედებს“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა სახიფათო ტვირთები, რომელიც შემოდის ჩინეთიდან.

„კორონავირუსი გადაიცემა ჰაერწვეთოვანი გზით, ანუ ამ შემთხვევაში, ვირუსის გადაცემის გზა გახლავთ დაინფიცირებული ადამიანიდან ადამიანზე კონტაქტი. იქნება ეს დაინფიცირებულის საგანი თუ რაიმე სხვა ნივთი, ამ ვირუსის გადაცემის შემთხვევები აღწერილი არ არის. ამდენად, ჩვეულებრივ ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები კონტაქტურად, ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაიცემა. ამდენად, ამისი საშიშროება რა თქმა უნდა არ არის“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

მისივე თქმით, მედიკოსები აეროპორტში დღესაც არიან, ეპიდემიოლოგიური სამსახური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში.

„აქცენტი დღემდე კეთდება მაღალი რისკის რეგიონებიდან ჩამოსულ მოგზაურებზე და არა გლობალურად, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულ მოგზაურებზე. მაღალი რისკის ამ შემთხვევაში არიან ჩინეთიდან, განსაკუთრებით იმ პროვინციიდან ჩამოსული ადამიანები, სადაც მაღალია ვირუსის გავრცელება.

ეპიდემიოლოგიური სამსახური მობილიზებულია, ექიმები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ჩვენ ჩვენი მხრიდან დავახმართ კიდევ უკვე სხვა, გადაუდებელი დახმარების ექიმებს“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

რაც შეეხება საკითხს, თუ როდემდე გაგრძელდება შემოწმება, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ეს გაგრძელდება, ვიდრე მდგომარეობა შეფასებულია, როგორც რისკის მატარებელი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ გასცემს სხვაგვარ რეკომენდაციებს ან იტყვის, რომ შეწყდეს შემოწმება.

„კარგი და საიმედო ამბავი არის ის, რომ ჩინეთმა უკვე ოფიციალურად დააფიქსირა განკურნებული პაციენტები შესახებ ინფორმაცია. ექვსდღიანი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, პაციენტი გამოეწერა სრულიად თავისუფალი ვირუსისგან, ორმა ანალიზმა დაადასტურა ეს, რაც ნამდვილად საიმედო ინფორმაციაა და ნიშნავს იმას, რომ ბევრ შემთხვევაში ვირუსი დაექვემდებარება მკურნალობას იმ ღონისძიებებით, რაც დღეს მედიცინისთვის ცნობილია. თუმცა დღეს ისიც ცნობილია, რომ ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ დროულად მოხდება ამ ვაქცინის გამოსვლაც და მისი გამოყენება იმ რისკის რეგიონებში, რომელიც დღეს არის უკვე წითელი წერტილები გლობალურად ამ დაავადებისთვის“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

ახალი კორონავირუსის პრევენციისა და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით კომისია შეიქმნა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს აღნიშნული კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. გაბუნია აცხადებს, რომ უწყებებს შორის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ პასუხისმგებლობები გადანაწილდეს.

დატოვე კომენტარი