ჯანდაცვის სამინისტროსა და თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ჯანდაცვის სამინისტროსა და თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტის მიზანი ჯანდაცვის სფეროში ორმხრივად შეთანხმებული პროექტების განხორციელება, ონკოლოგიური პაციენტებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მიღება, სამედიცინო ტურიზმისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობა, ასევე სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროებში სიახლეების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა.

„მხარეებმა წარმატებულად შეაფასეს საქართველოსა და თურქეთს შორის, ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა“, – აღნიშნულია სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ხელმოწერა ანკარაში გაიმართა. სამინისტროს სახელით, ოქმს ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ მოაწერა. დოკუმენტის ხელმოწერას ონლაინფორმატში მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და ადმინისტრაციის უფროსი თინათინ ხარძიანი ესწრებოდნენ.