ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ პროფესიული პასუხისმგებლობა 14 ექიმს დააკისრა
ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ პროფესიული პასუხისმგებლობა 14 ექიმს დააკისრა

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი შვიდი საკითხი განიხილეს და 19 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.

„საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა შვიდ ექიმს, მათ შორის ოთხ ექიმს ექვსი თვით, სამ ექიმს კი, ერთი თვის ვადით. ამასთანავე, ექიმებს დაევალათ პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. პროფესიული განვითარების საბჭომ შვიდ ექიმს წერილობითი გაფრთხილება მისცა. საბჭომ გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღო.

პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.