ჯანდაცვის სამინისტრო წელს 19 რეანიმობილის შეძენას გეგმავს
ჯანდაცვის სამინისტრო წელს 19 რეანიმობილის შეძენას გეგმავს

2020 წელს, სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მაღალი გამავლობის 15 რეანიმობილს და საშუალო გამავლობის ოთხი რეანიმობილს შეიძენს.

ასევე იგეგმება 45 მაღალი გამავლობის „მინივენის“ ტიპის ავტომობილის შესყიდვა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მოემსახურება. აღნიშნულისთვის ბიუჯეტიდან 11 მილიონ 800 ათასი ლარია განსაზღვრული.

მთავრობის შესაბამისი დადგენილება „მაცნეზე“ დღეს გამოქვეყნდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანას კატასტროფის ბრიგადებისთვის განკუთვნილი 60-მდე რეანიმობილი ჰყავს, რომელთაგან სახელმწიფოს საკუთრებაში მხოლოდ 14-ია.

როგორც საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შესყიდვას ახორციელებს შესყიდვების სააგენტო, რეანიმობილების გადანაწილება და ჩანაცვლება ლოკაციებზე კი მათი საჭიროების მიხედვით მოხდება.

მთავრობის დადგენილების თანახმად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის წელს 11 მილიონ 850 ათასი ლარია განკუთვნილი, ხოლო პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვაზე – მილიონი ლარი.

დატოვე კომენტარი