ჯანდაცვის სამინისტრო - თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივ რეჟიმში იზრდება
ჯანდაცვის სამინისტრო - თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივ რეჟიმში იზრდება

თურქეთიდან იმპორტირებული წამლების შეძენა შვიდ დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იაფი მედიკამენტები „ფარმადეპოს“, „ავერსის“, PSP-ს, „იმპექსის“, GPC-ის, „ფარმსახლისა“ და „დოიჩე აფთიაქის“ ქსელშია ხელმისაწვდომი.

ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივ რეჟიმში იზრდება. თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ტემპის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სამკურნალო საშუალებებს პროაქტიულად არეგისტრირებს. აღნიშნული წესით, სააგენტომ უკვე 213 პრეპარატი დაარეგისტრირა, რომელთა ქვეყანაში შემოტანა ფარმაცევტულ კომპანიებს კიდევ უფრო გამარტივებული წესით შეუძლიათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცვლილება ქვეყანაში მედიკამენტების იმპორტს კიდევ უფრო გაამარტივებს და საქართველოს ბაზარზე, ფარმაცევტული პროდუქტის ფართო ასორტიმენტის არსებობას უზრუნველყოფს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა. თურქეთიდან იმპორტირებული წამლების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად. აფთიაქების მისამართებსა და მედიკამენტების ჩამონათვალს, რომელთა შეძენა შესაძლებელია, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, შესაბამის ბმულზე იხილავთ.