ჯანდაცვის სამინისტრო – თბილისში დევნილთათვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
თბილისში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, უპრეცედენტოდ მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც ოთხ კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს გასულ წელს უკვე გადაეცათ, შვიდ კორპუსში კი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლება უახლოეს მომავალში იგეგმება.
„ამ ეტაპზე, დევნილი ოჯახებისთვის სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გამწვანებას, სტადიონების, ბავშვთა გასართობი მოედნებისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.