ჯანდაცვის სამინისტრო - საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება ინფორმაცია, თითქოს ნინოწმინდის პანსიონიდან არასრულწლოვნების გამოყვანის პროცესი ქაოტურად, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს გვერდის ავლით მიმდინარეობს
ჯანდაცვის სამინისტრო - საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება ინფორმაცია, თითქოს ნინოწმინდის პანსიონიდან არასრულწლოვნების გამოყვანის პროცესი ქაოტურად, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს გვერდის ავლით მიმდინარეობს

ნინოწმინდის პანსიონატში მიმდინარე პროცესების შესწავლისა და დარეგულირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან ერთად, საპატრიარქოს სპეციალური კომისიის და ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ყველა ღონისძიება დასახელებული უწყებების აქტიური ჩართულობითა და კოორდინაციით ხორციელდება.

„ყველა ღონისძიება ზემოაღნიშნული უწყებების აქტიური ჩართულობითა და კოორდინაციით ხორციელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი – ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის საკითხზე თანმიმდევრულად ხორციელდება.

მიმდინარეობს მუშაობა დარჩენილი მოზარდების ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში განთავსებაზეც. ამასთანავე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები ყველა გაყვანილ არასრულწლოვანთან ინდივიდუალურად აგრძელებენ მუშაობას.

დღეის მდგომარეობით, სააგენტომ პანსიონატიდან 20 არასრულწლოვანის გამოყვანა უზრუნველყო, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებითაა დაკომპლექტებული, ბოლო დღეების განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და ბავშვების უსაფრთხო გარემოსა და დაცულობას ადგილზევე უზრუნველყოფს.

სპეციალისტები აფასებენ არასრულწლოვნების მდგომარეობას, ფსიქო-ემოციურ თავისებურებებს და მათ განვითარებას. ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით, ნინოწმინდის პანსიონატიდან ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში განთავსება კოორდინირებულად მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება ინფორმაცია, თითქოს ნინოწმინდის პანსიონიდან არასრულწლოვნების გამოყვანის პროცესი ქაოტურად, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს გვერდის ავლით მიმდინარეობს.

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, მათ შორის მედიას, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

„ასევე, გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტულ მედიასაშუალებაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ნინოწმინდის პანსიონატიდან არასრულწლოვნების გამოყვანის პროცესი ქაოტურად, თვითდინებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს გვერდის ავლით მიმდინარეობს, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. კონკრეტულ მედიასაშუალებაში გასული სიუჟეტები, სადაც მტკიცებით ფორმაში ხდება ჯანდაცვის სამინისტროს დადანაშაულება, უწყების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, მათ შორის მედიას, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო სიახლეების შესახებ ინფორმაციას ყველა მედიასაშუალებას პროაქტიულად აწვდის. ამავდროულად, შესაბამისი განცხადებები უწყების ოფიციალურ გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი