ჯანდაცვის სამინისტრო - სასწრაფო სამედიცინო დახმარებისადმი მიმართვიანობა შემცირდა
ჯანდაცვის სამინისტრო - სასწრაფო სამედიცინო დახმარებისადმი მიმართვიანობა შემცირდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების შესრულებული გამოძახებების რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით შემცირდა. ამის შესახებ პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ განუცხადა.

მისი თქმით, თუ გასული რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისის მასშტაბით დღე-ღამეში დაახლოებით 2400-მდე გამოძახება შესრულდა, დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 200-ითაა შემცირებული და ტენდენცია კლებისკენ არის მიმართული.

როგორც დარახველიძემ აღნიშნა, გრიპის ვირუსის გავრცელებაზე მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი. სტატისტიკური მონაცემები ორშაბათს, 31 დეკემბერს განახლდება, ამ ეტაპზე კი ინფიცირების მაჩვენებელი 100 ათას ადამიანზე საშუალოდ 200-220-ს შეადგენს და, შესაბამისად, ამ ეტაპზე, ეპიდემიის საშიშროება არ არის.

საგანგებო რეჟიმზე გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება აუცილებელი, თუ ეს მაჩვენებელი 500-ს გადააჭარბებს. მისი განმარტებით, თუკი ავადობის შემთხვევათა რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს, გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის რგოლი – ამბულატორიული დაწესებულებები მუშაობის გახანგრძლივებულ გრაფიკზე გადავლენ.

დარახველიძის თქმით, სასწრაფოს გამოძახების შემთხვევაში, თუ დაავადების რთული ფორმები არ დაფიქსირდება, „112“ პაციენტს სწორედ ამბულატორიებში გადაამისამართებს. ასევე შესაძლებელი გახდება ოჯახის ექიმის ბინაზე მისვლაც.

„მოსახლეობა მიიღებს სრულ და ხარისხიან სერვისს, ამდენად, გრიპის ან გრიპისმაგვარი ვირუსების მსუბუქი და საშუალო სირთულის სიმპტომების შემთხვევაში, არ არის საჭირო, გამოიძახონ სასწრაფო დახმარება, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში მიმართვის ნაცვლად. ყოველწლიურად სეზონური გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებების გავრცელებაზე რეაგირებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც რეგულარულად იკრიბება და თვალს ადევნებს მიმდინარე მონაცემებს და საჭირო რეაგირებას უზრუნველყოფს, მათ შორის, ქვეყანაში ვირუსული დაავადების სამკურნალო პრეპარატის, ტამიფლუს მარაგებს. დღეისათვის, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, აღნიშნული პრეპარატის მარაგი საკმარისია, მათ შორის სააფთიაქო დაწესებულებებში და დეფიციტის საფრთხე არ არის“, – განაცხადა მარინა დარახველიძემ.